მისტრალი

    717 ივნისს, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, საფრანგეთმა და რუსეთმა ხელი მოეწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი პარიზისგან ორ, მისტრალის ტიპის სამხედრო ავიამზიდს იყიდის. შეთანხმების საერთო ფასი 1.7 მილიარდ ევროს შეადგენს.

ფრანგულმა მხარემ შეთანხმებას უპრეცენდენტო და ისტორიული უწოდა. მისი თქმით, რუსეთისა და საფრანგეთის ამგვარი ურთიერთობა მხარეებს შორის ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში  თანამშრომლობის შესაძლებლობის მანიშნებელია. სარკოზის მთავრობის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სურვილის - კერძოდ, ითანამშრომლოს რუსეთთან, როგორც პარტნიორთან და არა მტერთან - ლოგიკური გაგრძლებაა. თანაც, ლისაბონის სამიტზე ნატოს მოკავშირე ქვეყნებმა დაიწყეს ფიქრი სარაკეტო თავდაცვის სისტემის გარშემო მოსკოვთან თანამშრომლობის გზების ძიებაზე.

მაშინ როცა, შეთანხმების შესახებ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნორვეგიას, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებსა და საქართველოს. ამერიკის კონგრესმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ილეანა როს-ლეტინენის განცხადებით, საფრანგეთის ეს ქმედება  აშშ-სა და მის მოკავშირეებს საფრთხეს უქმნის. მისი მტკიცებით, პარიზი არ ითვალისწინებს რუსეთის მტრულ დამოკიდებულებას  აშშ-ის და მისი მოკავშირეების მიმართ. კონგრესმენს რუსეთის მტრული დამოკიდებულების დასადასტურებლად/მაგალითად  საქართველოზე და ბალტიის ქვეყნებზე განხორციელებული ეკონომიკური და სამხედრო ზემოქმედება/ბერკეტები მოჰყავს.

 ბალტიისპირეთსა და საქართველოს შეშფოთების საფუძველს კრემლის ბოლოდროინდელი რიტორიკა უქმნის. რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, შეძენილ, მისტრალის ტიპის ხომალდებს საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს. ასევე, რუსეთის ფლოტის  სარდალმა შემდეგი შედარება გააკეთა: 2008 წელს მისტრალის ფლობის შემთხვევაში, რუსეთი აგვისტოს ომში საქართველოს 40 წუთში დაამარცხებდა.

ზოგმა საფრანგეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის აღნიშნიშნული „პრეცენდენტი“ ერთგვარ პრემიერად შეაფასა, რამაც მომავალში შესაძლოა გაგრძელებაც კი ჰპოვოს. კერძოდ, ფრანგი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც  პარიზს მიბაძონ და რუსეთს საომარი ტექნიკის მიყიდვაზე დასთანხმდნენ. ამგვარი სცენარის თავიდან ასაცილებლად  თავად ნატოს წევრებს შორის მჭიდრო კოორდინაცია და მოკავშირეების მიერ ერთიანი პოლიტიკის გატარებაა საჭიროა.

მისტრალის ტიპის ხომალდი მკვეთრად გაზრდის რუსული საზღვაო ძალების მანევრირებისა და საბრძოლო შესაძლებლობებს. თუმცა, რუს ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნისთვის მისტრალის ტიპის გემების მნიშვნელობას. მათი მტკიცებით, ისინი არ ერგება რუსული საზღვაო ძალების სტრუქტურასა და მისიებს. ფრანგული ხომალდი ექსპედიციებისა და სახმელეთო ოპერაციებისთვისაა განკუთვნილი. მაშინ როცა, მოსკოვის ოფიციალურ სამხედრო დოქტრინაში მსგავსი ტიპის ექსპედიციები მოხსენიებული არაა. მის საზღვაო ძალებს სანაპირო ზოლის, ქვეყნის ეკონომიკური ზონის, საზღვაო და საოკეანო გასასვლელების დაცვა ევალებათ. დოკუმეტი არ ითვალისწინებს უცხო მიწებზე სამხედროების გადასხმის ოპერაციებს. ამიტომაც, საკითხავია მოსკოვი შეძენილ ტექნიკას სად განათავსებს. სამხედრო მაღალჩინოსანთა ოფიციალური განცხადებებით, გემებს წყნარ ოკეანეში, კურილის კუნძულების დასაცავად განალაგებენ. აქვე საგულისხმოა, რომ აღნიშნული ტიპის ხომალდები თბილ ზღვებში ჩასატარებული სამხედრო ოპერაციებისთვისაა გათვალისწინებული. ჩრდილეოთის ცივ წყლებში გამოსაყენებლად კი გემების გაუმჯობესება გახდება საჭირო, რაც ძვირი სიამოვნებაა. გარდა ამისა, საინტერესოა, რომელი მხარე (რუსული თუ საფრანგული კომპანია) გაიღებს მათი შენახვისთვის საჭირო ხარჯებს. ექსპერტების მტკიცებით, ამგვარი გემების აშენება უფრო ადვილია, ვიდრე შემდგომი მოდერნიზება.

მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ორი ავიამზიდი დამზადდება საფრანგეთში, პირველი ხომალდი 2014, ხოლო მეორე კი 2015 წლისთვის იქნება მზად.  ასევე იგეგმება დამატებით ორი მისტრალის აგება, რაც უკვე შემდგომი მოლაპარაკებების საგანია.

გემების მშენებლობით 1 000-მდე ფრანგი მუშა დასაქმდება. იგეგმება რუს გემთმშენებელთა ჩართვაც - მშენებელთა გუნდში 20% რუსი იქნება წარმოდგენილი, რაც შემდგომში 40%-მდე გაიზრდება.

შეთანხმების სხვა დეტალები  21 ივნისს,  ვლადიმერ პუტინის  პარიზში ვიზიტის დროს გადაწყდება.  ძირითადი  განხილვის საკითხი  ხომალდების SENIT-9 და SIC-15  სამხედრო სისტემებით აღჭურვა იქნება. რუსეთს სურს, რომ აღნიშნული სისტემები და მათზე ლიცენზიის დოკუმენტაციაც ფრანგულმა მხარემ გადასცეს. ეს მოსკოვს სამხედრო უპირატესობებს კიდევ უფრო გაზრდის.

 

კომენტარები