ღვინის მატარებლის შეფი:კელი მაკდონალდი

ირაკლი ბლუიშვილი
ივნისის პირველ კვირას საქართველოს ამერიკელი შეფ-მზარეული კელი მაკდონალდი ეწვია. კალიფორნიელი მზარეული საქართველოს აშშ-ის საელჩოს მოწვევით ესტუმრა, იმოგზაურა, მასტერკლასები გამართა ბათუმსა და თბილისში, დააგემოვნა ქართული სამზარეულო, აღფრთოვანდა ქართული ღვინითა და მეგობრული სადილი მოამზადა ამერიკის ელჩის, ჯონ ბასის რეზიდენციაში. ერთ-ერთ რეცეპტს, რომელიც მაკდონალდმა თბილისის მზარეულთა სკოლა „იკარუსში” გამართულ მასტერკლასზე მოამზადა, მომდევნო გვერდზე გთავაზობთ.

უშუალო, სანდომიანი და გულწრფელი კელი მაკდონალდი ბავშვური გატაცებით საუბრობს საკუთარ საქმიანობაზე, ღვინოზე, გემოვნებასა თუ მოგზაურობაზე, რაც მისთვის ახალი არომატებისა და გემოების აღმოჩენისა და შთაგონების წყაროა. მოგზაურობა მისი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ბედმა კელის უჩვეულო ხვედრი არგუნა: სამზარეულო, სადაც ის მოღვაწეობს, მატარებელშია განთავსებული. მატარებელი კალიფორნიული მევენახეობის გულში – ნაპა ვალიში 40-კილომეტრიანი რკინიგზით მოგზაურობს, მგზავრები ერთი მხრივ ნაპა ვალის ღირსშესანიშნავი პეიზაჟებით ტკბებიან და მეორე მხრივ, ამავე რეგიონის განსაკუთრებულ ვინტაჟებსა და ადგილობრივ სამზარეულოს აგემოვნებენ. „ნაპა ვალის ღვინის მატარებელი ტურისტული მარშრუტია, მაგრამ ეს არ არის ტურისტული მახე, მოგზაურობა ღვინისა და სამზარეულოს გარშემოა მოწყობილი. ჩვენი მიდგომა გამოიხატება იმაში, რომ კომპანიას ჩვენ საკუთარ კომპანიად მოვიაზრებთ და საკუთარი ინვესტიციის მაქსიმალურად განხორციელების თავისუფლება გვაქვს”, – ამბობს კელი.

ნაპა ვალი სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთით მდებარე რეგიონია, რომელიც 450-მდე მევენახეობას ითვლის. მგზავრები მატარებელში ერთ მთლიან დღეს ატარებენ, რაც, კელის თქმით, ”დიდი პასუხისმგებლობაა”, ამიტომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ მოგზაურობიდან საუკეთესო გამოცდილება მიიღონ, განსაკუთრებული ღვინითა და გემოებით დატვირთულებმა მიაშურონ თავიანთ სადგურებს.

კელი კალიფორნიაში დაიბადა და გაიზარდა. „მე სხვა არაფერი ვიცი, კალიფორნიული სამზარეულო სისხლში მაქვს. ჩვენი სამზარეულო ერთი დიდი სახარში ქვაბია, ესპანური, მექსიკური, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების, ფრანგული და აღმოსავლეთ ევროპული გავლენებით გაჯერებული”. ამავე დროს, კალიფორნიული სამზარეულო ცნობილია ჯანმრთელი, ზომიერი და ინოვაციური მიდრეკილებებით. კელი „კალორიების თვლის უფლებას” ყველას უტოვებს, თუმცა ეს მიდგომა მაღალ სამზარეულოსთან შეუთავსებლად მიაჩნია: „რატომ მიდიხარ რესტორანში სასადილოდ? კულინარიული გამოცდილება განსაკუთრებული სიამოვნებაა, რომელიც არ დაიყვანება კალორიულ გამოთვლამდე ან ქიმიურ ფორმულებამდე”.

მასტერკლასის დროს, დესერტის მოსამზადებლად კელიმ ქართული მარწყვი გამოიყენა და აღტაცება არ დაუმალავს ქართული პროდუქტის „შესაშური” ბუნებრივი თვისებებით, რომელზეც კალიფორნიაში „ვერც იოცნებებენ” და რასაც „გაფრთხილება და შენარჩუნება” უნდა. ქართულმა პურმა და ნიგვზიანმა ბადრიჯანმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ამერიკელ შეფ-მზარეულზე. ღვინოებიდან ყველაზე მეტად ქისი მოეწონა და განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა ის, რომ ნაპა ვალის მკვიდრმა სამშობლოდან ათი ათასი კილომეტრით დაშორებულ საქართველოში „მშობლიური გემო” აღმოაჩინა: „ჩემთვის ეს ღვინო (ქისი) გაჟღენთილია მიწისა და სამშობლოს სენტიმენტებით: ჯემისა და კენკრის არომატით, რბილი ტონებით და დაფნის ფოთლის დაბოლოებით”. 

კომენტარები