შსს: დაკავებულია ”ქართულ პარტიასთან” დაკავშირებული დანაშაულებრივი ჯგუფი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქართული პარტიის” წევრების დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

შსს-ს თქმით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის რამდენიმე წევრიც დაკავშირებულია ”ქართულ პარტიასთან.” უწყების მიერ გავრცელებულ აუდიო და ვიდეომასალაში საუბარია იმ გეგმების შესახებ, რომელიც, სამინისტროს მტკიცებით, ჯგუფის წევრებს მაისის ბოლოსთვის უნდა განეხორციელებინათ. დაკავებულებს ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას გულისხმობს.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გიორგი საათაშვილი შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში ამბობს, რომ მას 22 მაისს დაურეკა ”ქართული პარტიის” წევრმა, კახა ტერაშვილმა და პარტიის ოფისში დაიბარა. საათიშვილის თქმით, კახა ტერაშვილმა მას გააცნო თავისი ძმა ლევან ტერაშვილი. საათაშვილის თქმით, ძმებმა მას ავტომანქანა ”ზილის” საყიდლად” ფული მისცეს.

”მე მომცეს ზილის შესაძენი ფული და მერე გავიგე, რომ როცა ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდოდა 200-მდე სპეცრაზმელით, გარკვეული ნაწილს ჩასვამდა ამ ზილში და მიიყვანდა ქართულ საგუშაგომდე,” განაცხადა თავის აღიარებით ჩვენებაში საათაშვილმა. მისივე თქმით, მალხაზ კაკაშვილისგან (გორის სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გორის საკრებულოს ყოფილი წევრი) გაიგო, რომ აპრილის ბოლოს, კაკაშვილი და თამაზ ბეგიაშვილი გადავიდნენ სოფელ ზემო არცევში, იქ დახვდათ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი ხვიჩა საბაშვილი ორ რუს ოფიცერთან ერთად, რომელმაც გადაიყვანა ორჯონიკიძეში. იქ შეხვდნენ ირაკლი ოქრუაშვილს, რომელსაც თან ახლდა ერთი ქართველი და 2 რუსი პიროვნება. ამის შემდეგ ოქრუაშვილმა მათ დაავალა ადმინისტრაციულ საზღვრებზე ქართველი პოლიციელების კოორდინატების დადგენა.

საბაშვილის აღიარებით, ირაკლი ოქრუაშვილი აპირებდა 200 რუს სპეცრაზმელთან ერთად შემოსვლას საქართველოში, სადაც დახვდებოდა 20-მდე შეიარაღებული ქართული ჯგუფი, რის შემდეგ უნდა განეხორციელებინათ საგუშაგოების განიარაღება. ამის შემდეგ, კაკაშვილის თქმით, ისინი აპირებდნენ, გორში მდებარე სპეცრაზმსა და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაზე თავდასხმას.

შს სამინისტრომ გაავრცელა აუდიო ჩანაწერიც, რომელშიც დაკავებულები კაკაშვილს და საბაშვილს იარაღის გადამალვის შესახებ ესაუბრებიან.
 

კომენტარები