ჭიდაობა: ქართველების ტრიუმფი სერბეთში

სერბულ ქალაქ ზრენიანინში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ამ ტურნირზე ქართველების გამოსვლა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს - ჩვენმა სპორტსმენებმა რვა წონით კატეგორიაში ექვსი მედალი აიღეს - ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამიც ბრინჯაოსი. ევროპის ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ.) და დავით მარსაგიშვილი (84 კგ.) გახდნენ. ამ ახალგაზრდა მოჭიდავეებმა მედლების აღება უკვე დიდების ევროპირველობაზეც შეძლეს და ახლა მათი წარმატება  აღარავის გაჰკვირვებია. ისინი უკვე წლებია, რაც თავის ასაკში მსოფლიოშიც გამორჩეულთა შორის შედიან.

გარდა ამისა, ბექა პეტრიაშვილი (74 კგ.) ფინალამდე მივიდა და მხოლოდ იქ დათმო შეხვედრა. საბოლოოდ მას ვერცხლის მედალი ერგო. მესამე ადგილი კი სამმა ქართველმა ახალგაზრდამ დაიკავა - თენგიზ ჩოჩიშვილმა (60 კგ.), თედო ებანოიძემ (96 კგ.) და მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა. მედლის გარეშე მხოლოდ ორი მოჭიდავე დარჩა - 50 კილოგრამში მოჭიდავე ლაშა ტალახაძე და 66 კგ-ში მოასპარეზე დავით ტლაშაძე.

საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში 63 ქულა დააგროვა, ზუსტად ამდენივეს მოუყარა თავი რუსეთის ნაკრებმა.


50 კგ. 1. ალდარ ბალჟინიმაევი (რუსეთი) 2. კოსტინ ჟედრე (მოლდოვა) 3. მირჯალალ ჰასანზადე (აზერბაიჯანი) 3. მარკ ლუიტლი (გერმანია)

55 კგ. 1. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო) 2. არსენ კურამაგომედოვი (რუსეთი) 3. გალიბ ალიევი (აზერბაიჯანი) 3. მატევოს საროიანი (სომხეთი)

60 კგ. 1. ომერ უზანი (თურქეთი) 2. ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი) 3. თენგიზ ჩოჩიშვილი (საქართველო) 3. რაფაელ სტატკიევიჩი (პოლონეთი)

66 კგ. 1. ბაიმირზა ხადისოვი (რუსეთი) 2. მაგომედ მუსლიმოვი (აზერბაიჯანი) 3. მუსტაფა კაია (თურქეთი) 3. გრიგორ გრიგორიანი (სომხეთი)

74 კგ. 1. აბდულკადირ ოზმენი (თურქეთი) 2. ბექა პეტრიაშვილი (საქართველო) 3. ვიტალი ჟუკოვი (უკრაინა) 3. შამილ კატინოვასოვი (რუსეთი)

84 კგ. 1. დავით მარსაგიშვილი (საქართველო) 2. ვაჰე ტამრაზიანი (სომხეთი) 3. ზბიგნვ ბარანოვსკი (პოლონეთი) 3. ალბერტ ციპინოვი (რუსეთი)

96 კგ. 1. ასლანბეკ ალბოროვი (აზერბაიჯანი) 2. ბატრაზ გაზაევი (რუსეთი) 3. თედო ებანოიძე (საქართველო) 3. ჰლებ კუტეი (უკრაინა)

120 კგ. 1. იჰარ ძიატკო (ბელორუსი) 2. ასლან ძებისოვი (აზერბაიჯანი) 3. გენო პეტრიაშვილი (საქართველო) 3. ვიაჩესლავ მიზაიევი (უკრაინა)

კომენტარები