მოსკოვი უკმაყოფილოა ბათუმის პორტში აშშ-ს კრეისერის შესვლის გამო

მოსკოვმა უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების კრეისერის, ”მონტერეის” ბათუმის პორტში შესვლის გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალურ განცხადებაში ამ ფაქტს ”დემონსტრატიული” უწოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ”მსგავსი მანევრები რუსულ-ამერიკული ურთიერთობების ამჟამინდელ ხასიათთან წინააღმდეგობაში მოდის.” კრემლის განცხადებით, ”როგორი ახსნაც არ უნდა მიეცეს ასეთი ქმედებების მიზნებს, ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ეს აღქმული იქნება, როგორც რუსეთის მოკავშირეების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ მისი რევანშისტული სწრაფვების წახალისება, და ამგვარად ხელს არ შეუწყობს რეგიონში სტაბილურობის გაძლიერებას. ”

ამერიკული კრეისერი ”მონტერეი” ბათუმის პორტში 20 ივნისს შევიდა და 23 ივნისამდე დარჩება. საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებით კრეისერი შავ ზღვაში ერთობლივ საზღვაო-სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებთან. ”აშშ-ს გემები მრავალი წელია რეგულარულად იგზავნება შავ ზღვაში. ეს გამოხატავს აშშ-ს მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონალური სტაბილურობისა და საზღვაო უსაფრთხოებისადმი,” წერია საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.

ივნისის დასაწყისში ბათუმის პორტში კიდევ ერთი ამერიკული სამხედრო ხომალდი, Anzio შევიდა. 9 ივნისიდან 12 ივნისამდე გემის ეკიპაშმა ქართველ სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნები ჩაატარა. 

კომენტარები