ტატიშვილის პირველი გამარჯვება უიმბლდონზე

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა უიმბლდონზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. დიდი სლემის ზედიზედ მეორე ტურნირზე ძირითად ბადეში მოხვედრილმა სპორტსმენმა ამჯერად მოახერხა მობილიზება და პირველი წრე წარმატებით დაძლია. უიმბლდონის მეცხრე კორტზე, რომელზეც სატელევიზიო კამერებიც კი არაა დამონტაჟებული, ანა ტატიშვილმა რუს ანასტასია პივოვაროვას მოუგო - 3:6, 6:2, 6:3.

ამ შეხვედრაში გამარჯვებით საქართველოს პირველმა ჩოგანმა მეორე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა. ამ ეტაპზე მისი მოწინააღმდეგე ბელგიელი იანინა ვიკმაიერი იქნება. ეს ორი მოთამაშე ერთმანეთს აქამდე ორჯერ შეხვდა და ორივე შემთხვევაში გამარჯვება ბელგიელს დარჩა. სამი წლის წინ მან ადვილად მოუგო ანას, წელს კი დიდი ბრძოლა გამართეს ჩარლსტონის ტურნირზე ნახევარფინალში გადასასვლელად. საბოლოოდ მაშინაც ვიკმაიერმა გაიმარჯვა ანგარიშით 6:4, 7:5.

ანა ტატიშვილმა პირველ შეხვედრაში მოგებით 100 სარეიტინგო ქულა მიიღო. ეს წესით საკმაოდ კარგი ნახტომის წინაპირობა უნდა გახდეს. დღესდღეობით ის მსოფლიოს 118-ე ჩოგანია.

კომენტარები