ასადის გამოსვლის შემდეგ სირიაში დემონსტრაციები განახლდა

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის დღევანდელი სატელევიზიო მიმართვის შემდეგ, სირიის რამდენიმე ქალაქში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები განახლდა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ასადმა ქვეყანაში პოლიტიკური ცვილებების განხორციელების შესახებ ხალხის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. რამდენიმესაათიან სატელევიზიო მიმართვაში სირიის პრეზიდენტმა მასობრივ ანტისამთავრობო გამოსვლებზე პასუხისმგებლობა ”დივერსანტთა ჯგუფს” დააკისრა, რომლებიც, ასადის თქმით, სახალხო უკმაყოფილებიდან გამორჩენის მიღებას ცდილობენ. მისი თქმით, აუცილებელია დივერსანტების იზოლირება დანარჩენი საზოგადოებისგან. ”იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, საერთო არაფერი აქვს რეფორმებთან. ეს ვანდალიზმი უფროა,” აღნიშნა ასადმა ”ქვეყნის განვითარება სტაბილურობის გარეშე არ ხდება, რეფორმების გატარება ვანდალიზმის გზით შეუძლებელია,” დასძინა მან.

  თავის გამოსვლაში ასადი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მათთან დიალოგს დაიწყებს. ასადის თქით, დიალოგი მიმართული იქნება იმისკენ, რომ სირიის მოქალაქეები უფრო მეტად იყვნენ ჩართული საკუთარი ქვეყნის მომავლის შესახებ დისკუსიაში..

სირიაში პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები მარტის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს.  ადამიანების უფლებათა დამცველთა განცხადებით ბოლო სამი თვის მანძილზე სირიაში დაპირისპირებების შედეგად 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

კომენტარები