ფინანსთა მინისტრის პოსტზე ბაინდურაშვილი გვინდაძემ შეცვალა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კახა ბაინდურაშვილი მისმა მესამე მოადგილემ, დიმიტრი გვინდაძემ შეცვალა. სამთვრობო ცვლილების შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა  დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აცნობა. მთავრობის კანცელარიის წარმომადგენლების განცხადებით,  ბაინდურაშვილმა  თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ის "საქართველოს ფოსტის" სამეთვალყურეო საბჭოს უხელმძღვანელებს. "საქართველოს ფოსტა" უკვე რამდენიმე წელია საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაშია შეტანილი. მთავრობის კანცელარიაში  „ტაბულასთან“ საუბრისას დააზუსტეს, რომ ბაინდურაშვილმა გილაურის სურვილის საწინააღმდეგოდ თანამდებობიდან წასვლა თავად მოისურვა, რადგან ”მუშაობით გადაიღალა და დასვენება გადაწყვიტა.”

ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ 2009 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან საქართველოს ”ყველაზე სწრაფად და კარგად გამოსვლა” სწორედ ბაინდურაშვილის დამსახურებაა.

"2010 წელს საქართველოში ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი კი 9,2%-დან 3,4%-მდე შემცირებულია, რაც, ასევე, მისი დამსახურებაა; მთლიანად მოხსნილია საგარეო ვალის მენეჯმენტის პრობლემა,” განაცხადა პრემიერმა ”გვაქვს ახალი საგადასახადო კოდექსი, ახალი სერვისები, ელექტრონული მომსახურება, საბაჟოზე არსებული პრობლემების გაქრობა, ძალიან ბევრი რეფორმა, რომელიც ფინანსთა სამინისტროში განხორციელდა, სწორედ კახა ბაინდურაშვილის დამსახურებაა,” დასძინა მან.

ახალი ფინანსთა მინისტრი მოვალეობის შესრულებას ორშაბათიდან შეუდგება. 

კომენტარები