უკრაინაში 9 მაისის ზეიმის დროს წითელი დროშების გამოყენება აიკრძალა

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კანონი დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღეს ოფიციალური ცერემონიების დროს წითელი დროშის გამოყენების შესახებ. სასამართლოს განცხადებით, უკრაინის კონსტიტუციაში უკვე ჩამოთვლილია სახელმწიფო სიმბოლოების სრული სია, ხოლო მათ რიცხვში წითელი დროშა არ არის. 9 მაისის ოფიციალური ცერემონიების დროს წითელი დროშის გამოყენების შესახებ კანონი უკრაინაში გასულ აპრილს მიიღეს. კანონში ნათქვამია, რომ ეს დროშა ”საბჭოთა ერების და მათი არმიისა და ფლოტის გამარჯვების სიმბოლოა.”

ამ კანონის მიღებას უკრაინული საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. უკრაინის სახალხო პარტიის ლიდერმა, იური კოსტენკომ სასამართლოს კანონის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. მისი თქმით კანონი არა მხოლოდ კონსტიტუციის გარკვეულ მუხლებს ეწინააღმდეგება, არამედ უკრაინის მოქალაქეებში სეპარატისტული განწყობილების პროვოცირებას ახდებს. ”საბოლოო ჯამში კი ეს უკრაინის დანაწევრებისკენ არის მიმართული,” განაცხადა კოსტენკომ.

მიუხედავად იმისა, რომ წითელი დროშების გამოყენების შესახებ კანონი ჯერ არ იყო ძალაში შესული, 9 მაისს საბჭოთა დროშები მაინც გამოფინეს უკრაინის რამდენიმე რეგიონში ოფიციალური ცერემონიების დროს. ამ ფაქტმა უკრაინელი ნაციონალისტების აღშფოთება გამოიწვია, რაც საბოლოოდ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

კომენტარები