
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, საქართველომ რამდენიმე რთული და საპასუხისმგებლო ეტაპი გადალახა, რის შემდეგაც ის ერთხმად, კენჭისყრის გარეშე აირჩიეს „ევრიმაჟის“ წევრ ქვეყნად. შედეგად, ერთ-ერთი მსხვილი ფონდის (Eurimages) მიერ ჩვენთვის გახსნილი ევროპის კინობაზარი და სამომავლო პერსპექტივებია, რაც ფინანსურ თუ საერთაშორისო ფესტივალებსა და კინოფორუმებეზე მხარდაჭერას უკავშირდება.

The Kid with the Bike (კო-პროდუქცია: ბელგია, საფრანგეთი და იტალია), Once Upon a Time in Anatolia (კო-პროდუქცია: ბოსნია და ჰერცოგოვინა და თურქეთი), The Minister (საფრანგეთი, ბელგია) – ეს იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საკონკურსო ჩვენებებში იყო წარმოდგენილი და რომლებმაც ფესტივალის სხვადასხვა პრიზი დაიმსახურა. აღნიშნული ფილმები სწორედ ფონდ „ევრიმაჟის“ ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის, თამარ ტატიშვილის თქმით, ახლა, როდესაც საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი გახდა, ყველაფერი ჩვენზე, პროდიუსერებსა და ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტების სიძლიერეზეა დამოკიდებული. და, რა თქმა უნდა, თანხის ის ოდენობა, რომლის ინვესტირებასაც ყოველ წელს „ევრიმაჟი“ ახდენს, საქართველოს ძალიან გამოადგება: „თუ ამბიციებს უკან გადავდებთ და მუშაობას საქმიანად შევუდგებით, სავსებით შესაძლებელია, თითქმის ყველა მიმართულება გავაძლიეროთ, რომელიც დღეს ქართული კინოსექტორის განვითარებას ესაჭიროება. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, აღსანიშნავია ფონდის კულტურული მიმართება მის წევრ ქვეყნებთან: „ევრიმაჟი“ ხომ პირველ რიგში ქვეყნების კულტურულ იდენტობას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ტატიშვილმა.






