ძლიერმა წვიმამ თბილისი, მცხეთა და კახეთის რეგიონი დააზარალა

ძლიერმა წვიმამ წუხელ თბილისში,  მცხეთასა და კახეთის რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. თბილისში წვიმის შემდეგ მოვარდნილმა წყალმა გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ავჭალა და მუხიანი დააზარალა. გლდანის რაიონში სოფელ გიორგიწმინდას 450-მდე მოსახლე გზის გარეშე დარჩა, ვინაიდან ხიდი წყალმა წაიღო. ანალოგიური სიტუაციაა  მუხიანი II-ის ჩასასვლელთან და ავჭალაში. დედაქალაში სტიქიის შედეგად  მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა.  დაზიანებულია კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ღრმაღელის სათავე ნაგებობის ძირითადი მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზები. დატბორილია ღრმაღელის სატუმბი სადგური. ამან ტუმბო-აგრეგატების დროებითი გაჩერება გამოიწვია.   პარალელურად, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ 900 მილიმეტრიანი მაგისტრალური წყალდენის გარკვეული მონაკვეთი მთლიანად მოშალა და წაიღო. შექმნილი მდგომარეობა ძირითადად მტკვრის მარცხენა სანაპიროზე განთავსებული დასახლებების წყალმომარაგებაზე აისახა.

ამ დროისთვის წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვთ: გლდანისა და თემქის რამდენიმე მ/რაიონს, სანზონას და მის მიმდებარე კერძო დასახლებებს; გურამიშვილის გამზირს, ლოტკინის მთას, კუკიისა და ლოტკინის ქვედა დასახლებას, ნაძალადევს, სვანეთის უბანს; ჩუღურეთის რაიონში ჯავახიშვილის ქუჩის ზემოთ მდებარე ქუჩებს; ელიასა და ავლაბრის ნაწილს, მეტრომშენს, დიღმის მასივს, ლუბლიანას ქუჩას. დღის განმავლობაში წყლის მიწოდება შეეზღუდება ვაზისუბნის დასახლებასა და მოსკოვის გამზირს, ხოლო წყალს დაბალი წნევით მიიღებს დიდუბის რაიონი.

ოფიციალური პირების განცხადებით, დედაქალაქში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული დაზიანებების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით,  კოკისპირულმა  წვიმამ ზარალი მიაყენა კახეთის რეგიონს. ადიდებულმა მდინარეებმა  ყველაზე მეტად ახმეტისა და თელავის რაიონები დააზარალა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები , საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, ზვრები, დაიხოცა შინაური ფრინველი.

დაზიანებულია თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ვარდისუბნის მონაკვეთი. შავკაბას ხევიდან გადმოვარდნილმა წყალმა დატბორა ალავერდის მონასტერიც.  წყალმა საფრთხე შეუქმნა მონასტრის ერთ ბურჯს. ადგილობრივების განცხადებით ის დანგრევის პირასაა. მთლიანად განადგურებულია მონასტრის საფუტკრე მეურნეობა. კახეთში სტიქიის შედეგად განადგურებულია 500 ჰექტრამდე სასოფლო სამეურნეო სავარგულები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, ამის გამო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი  8000-მდე აბონენტი.  კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის მდნარეებში წყალი 1,5 მეტრამდეა მომატებული.

პრობლემებია  მცხეთაშიც,  დატბორილია საცხოვრებელი სახლები საგურამოსა და ახალსოფელში, დაზიანებულია  არაშენდას, კოტორაანთკარის და კიდევ რამდენიმე სოფლის გზები. წვიმის შედეგად დაზიანდა  მცხეთა-ძეგვი-გორის ავტომაგისტრალი.

კომენტარები