მრუდე სარკეში დანახული კორუფცია

 Transparency International-ის შედგენილ, კორუფციის აღქმის 2010 წლის ინდექსის (CPI) მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 68-ე ადგილზეა. ინდექსს ავტორიტეტულ საერთაშორისო ინდიკატორად  მიიჩნევენ.  სხვადასხვა ქვეყნის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად, მას მსოფლიო ექსპერტები თუ მედია ფართოდ იყენებს. საერთაშორისო რეიტინგებიც ხშირად მის საფუძველზე დგება. თუმცა, საქართველოს მთავრობაში CPI-ს
შეფასებებს არ ენდობიან – არასრულყოფილი მეთოდოლოგიისა და ცალკეული კვლევების  მიკერძოებულობის გამო.  

გასული წლის დეკემბერში, ტაბულასთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსსა და ამავე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ, გლობალური კორუფციის ბარომეტრის შედეგებს შორის სხვაობაზე მიუთითებდა.
„პირველში ე.წ. ექსპერტები აფასებენ ქვეყანაში კორუფციის დონეს, ხოლო მეორეში რიგით მოქალაქეებს ეკითხებიან, ჰქონდათ თუ არა პირადად მათ კორუფციასთან შეხება. კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო 30-ის მიღმა აღმოჩნდა. ამ ორი კვლევის შედარება შემდეგზე მეტყველებს: როდესაც ერთ ან ორ ე.წ. ექსპერტს ეკითხები, სხვა შედეგს იღებ, მაგრამ როდესაც ეკითხები ხალხს, მაშინ საქართველო ათეულში ხვდება”, – აცხადებდა ნიკა გილაური. 

2010 წლის ინდექსთან ერთად, Transparency International-მა პირველად გამოაქვეყნა ინფორმაცია გამოყენებული წყაროების შესახებ. საქართველოს შესაფასებლად შვიდი წყაროა მითითებული – აზიის განვითარების ბანკი, გერმანული  ბერტელსმანის ფონდი, Freedom House-ი, მსოფლიო ბანკი, ორგანიზაცია Global Insight-ი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF), “გლობალური კონკურენტუნარიანობის” 2009 და 2010 წლის კვლევები. შეფასებები  კვლევებში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლების მოსაზრებებს ეყრდნობა. 

CPI-ს ინდექსში 10 ქულა კორუფციის არარსებობას, 0 კი საყოველთაო კორუფციას ნიშნავს. 2010 წელს პირველ არაკორუმპირებულ ხუთეულში დანია, ახალი ზელანდია, სინგაპური, ფინეთი და შვედეთი შევიდნენ (9,2-9,3 ქულა). რუსეთი რეიტინგის 154-ე ადგილზე აღმოჩნდა, პაპუა ახალ გვინეასა და ტაჯიკეთთან ერთად. საქართველომ 3,8 ქულა მიიღო. ქვეყნის  მდგომარეობა  უმნიშვნელოდ გაუარესდა (2009 წელი: 4,1 ქულა – 66-ე ადგილი).  

ტაბულა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს  აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს ესაუბრა. მისი თქმით, კვლევებში „საუბარია არა მხოლოდ (კორუფციის) მაჩვენებელზე ბიუროკრატიის დაბალ საფეხურებზე, არამედ ელიტურ კორუფციაზე. კორუფცია არ არის მხოლოდ მექრთამეობა, საუბარია გავლენებზე და მაღალ დონეზე კორუფციის გამოვლინებებზე”. ეს კვლევები ექსპერტების გამოკითხვას ეფუძნება, რომლებმაც
„აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელი შეაფასეს” და „სწორედ ამიტომ საქართველომ უარესი შედეგები მიიღო”. 

Transparency International-მა, გასულ წელს კიდევ ერთი კვლევა – კორუფციის გლობალური  ბარომეტრი ჩაატარა, რომელიც მოქალაქეთა გამოკითხვას ითვალისწინებს. თბილისში გამოკითხულ  რესპონდენტთა 77%  მიიჩნევდა, რომ საქართველოს მთავრობა კორუფციას ეფექტიანად ებრძვის. 78% ბოლო სამი წლის განმავლობაში კორუფციის დონის შემცირებაზე  საუბრობდა. გამოკითხვაში მონაწილე 83 ქვეყანასთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. მხოლოდ 9% მიიჩნევდა, რომ კორუფცია გაიზარდა. კითხვაზე, გადაუხდიათ თუ არა ქრთამი ბოლო 12 თვის განმავლობაში, დადებითად მხოლოდ 3%-მა უპასუხა – 2010 წელს გამოკითხულ ქვეყნებს შორის ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

რამ გამოიწვია რადიკალური სხვაობა ექსპერტებისა და მოსახლეობის მიერ კორუფციის აღქმაში? ეკა გიგაური განმარტავს, რომ ბარომეტრის შედეგები კორუფციის მაჩვენებლებს ყოფით დონეზე ასახავს, „ამ შემთხვევაში კი საქართველოს ძალიან დიდი მიღწევები აქვს”.  

CPI-ს მონაცემები არა კონკრეტულ ფაქტებს, არამედ ცალკეული ექსპერტების შეფასებებს ეფუძნება. ყველა ორგანიზაცია საკუთარი მეთოდოლოგიითა  და რესპონდენტთა შერჩევის შესაბამისი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს. საქართველოში, სოციალურ დარგებში, მეცნიერულ კვლევებზე მუდმივად ათამდე მეცნიერი მუშაობს. ტომსონის  ციტირების ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო ინდექსში კი, პერიოდულად, სულ 2-3 მათგანი თუ ხვდება. შესაბამისად, ამა თუ იმ ორგანიზაციის დასკვნები საქართველოს შესახებ, უკეთეს შემთხვევაში, სულ რამდენიმე ადამიანის მოსაზრებებს ეყრდნობა. შესაძლოა, ეს ექსპერტები საერთოდაც არ იყვნენ აკადემიური მეცნიერების წარმომადგენლები. 

ინდექსის ობიექტურობას, წლებია, უცხოელი ექსპერტებიც ეჭვქვეშ აყენებენ. CPI-ს მეთოდოლოგიის კრიტიკოსები მის მთავარ ნაკლოვანებად მუდმივად ცვალებადი წყაროებისა და მეთოდოლოგიების გამოყენებას მიიჩნევენ. ეს სხვადასხვა წლებში, ამა თუ იმ ქვეყნის მდგომარეობის  შედარებისა და პროგრესის შეფასების საშუალებას არ იძლევა. ამ გარემოებას Transparency International-იც აღიარებს. აშშ-ში მოქმედი OECD Development Centre-ის ექსპერტები ქრისტიან არნდტი და ჩარლზ ომანი აღნიშნავენ, რომ მედია ხშირად ამ გაფრთხილებებს არ ითვალისწინებს და დასკვნებს ინდექსში ცვლილებების მიხედვით აკეთებს. დონორებიც და საერთაშორისო ორგანიზაციებიც, გადაწყვეტილებებს ინდექსის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად იღებენ.  

ამავე ნაკლოვანებებზე ყურადღებას ამახვილებდნენ – Transparency International-ის ყოფილი მკვლევარი ფრედერიკ გალტინგი, მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევარი ტერეზა ტომსონი, მსოფლიო ბანკის სპეციალისტი ანვარ შაჰი, საერთაშორისო ორგანიზაცია Global Integrity-ს პრეზიდენტი ნათანიელ ჰელერი, ვებგვერდ Corruptie.org-ის დამფუძნებელი, ნიდერლანდების ყოფილი სენატორი და მთავრობის წევრი მიხელ ვან ჰულტენი. ისინი Transparency International-ს ინდექსის მეთოდოლოგიის რადიკალურად შეცვლას ურჩევენ. 

უნგრელი ექსპერტი ენდრე სიკი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ „Transparency International-ი დაინტერესებულია, მსოფლიოში კორუფციის ერთადერთი შემფასებელი იყოს და თავს კორუფციის წინააღმდეგ ერთ-ერთ მთავარ მებრძოლად  მიიჩნევს”, ამისთვის კი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მოიცვას, რასაც “ინდექსის საიმედოობა ეწირება”. 

 ზოგიერთი ექსპერტის მიუკერძოებლობაში ეჭვებს საქართველოს მთავრობაშიც გამოთქვამენ. ყველაზე დაბალი ქულა – 2.1 – საქართველოს ორგანიზაცია Global Insight-მა მიანიჭა. მის მიერ შემუშავებული “ქვეყნების რისკიანობის რეიტინგი” საჯარო მოხელეების კორუმპირებულობას აფასებს. თუ ამ კვლევას დავეყრდნობით, საქართველო  უფრო კორუმპირებული ქვეყანაა, ვიდრე ყირგიზეთი (164-ე ადგილი CPI-ს მიხედვით), უკრაინა (134) და სომხეთი (123) და იგივე ადგილი უჭირავს ამ კრიტერიუმით, როგორც აზერბაიჯანს (134), ბელარუსს (127) და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას (154). 

Global Insight-ის კვლევაში საქართველოს, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების შეფასებები ერთი ექსპერტის – ნატალია ლეშჩენკოს მოსაზრებებს ეყრდნობა. ის ლონდონის სახელმწიფო იდეოლოგიების ინსტიტუტის ექსპერტია და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობას” უჭერს მხარს. მაგალითად, 2009 წლის აგვისტოში, „ნეზავისიმაია გაზეტაში” ლეშჩენკო სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმებს, დასავლეთში მათი პოზიციის უკეთესად წარმოჩენის შესახებ რჩევებს აძლევდა.    

„Global Insight-ის ექსპერტები პოლიტიკური ნიშნით მიკერძოებულები აღმოჩნდნენ”, – განუცხადა ტაბულას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოთარ კახიძემ. მისი თქმით, „ამგვარი წყაროს გამოყენება მიუთითებს, რომ ინდექსი, საერთო ჯამში, არ არის სანდო იმის შესაფასებლად, თუ რომელ ადგილზე იმყოფება საქართველო კორუფციის კუთხით”.

კახიძე ასევე არ ეთანხმება ინდექსში გამოყენებულ Freedom House-ის შეფასებასაც, რომელმაც საქართველოს კორუფციის მიხედვით გასულ წელს 5 ქულა მიანიჭა – იმდენივე, რაც 1999-2000 წლებში.  

ოთარ კახიძეც კორუფციის გლობალური ბარომეტრის კვლევის შედეგებს იშველიებს და აღნიშნავს, რომ, CPI-სგან განსხვავებით, ამ კვლევის მეთოდოლოგია ყველა ქვეყანაში იდენტურია. მისი თქმით, კორუფციის აღქმის ინდექსი „არ არის სანდო მეცნიერული კვლევა, ის ხშირად ხდება სხვადასხვა სპეკულაციების საფუძველი და დასავლეთის ქვეყნებშიც კრიტიკას იწვევს”.  

კახიძის აზრით, განსხვავებული მეთოდოლოგიისა და ცალკეული მიკერძოებული შეფასებების გამოყენების გამო, ინდექსში საქართველოს მდგომარეობა არასწორადაა ასახული. ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა 2003 წლის შემდეგ, როდესაც ინდექსში   127-ე ადგილზე იმყოფებოდა. თუმცა, კახიძის თქმით, სანამ ინდექსის შედგენაში მონაწილეობს Global Insight-ი, ან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ ტრანსფორმაციის მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს აფასებენ – საქართველოს ადგილი, ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიუხედავად, მნიშვნელოვნად ვეღარ აიწევს

კომენტარები