იემენი: ნაადრევი სიხარული

 3 ივნისს, იემენის დედაქალაქ სანაში საპრეზიდენტო სასახლეზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. შედეგად – ქვეყნის მეთაური ალი აბდულა სალეჰი და მთავრობის სხვა წევრები დაიჭრნენ. პრეზიდენტი სამედიცინო დახმარებისთვის საუდის არაბეთში გადაიყვანეს. 

33-წლიანი ავტორიტარული მმართველობის დასრულების მოლოდინში მოსახლეობამ სალეჰის ქვეყნიდან გასვლა ზარ-ზეიმით აღნიშნა. სამთავრობო წყაროების ცნობით, სალეჰის დაზიანებები სერიოზული არ იყო. თუმცა მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იემენის პრეზიდენტი მძიმედაა დაშავებული – მას სხეულის 40% დამწვარი, თავის ტვინში კი შინაგანი სისხლდენა აქვს. 
იემენი ჰუმანიტარული კატასტროფის, სამოქალაქო ომისა და დაშლის საფრთხის წინაშე დგას. ნანატრი დემოკრატია კი უფრო და უფრო შორეული პერსპექტივა ხდება.

ქვეყანაში საპროტესტო აქციები იანვარში დაიწყო. მთავრობამ მიტინგებს ძალადობით უპასუხა, რასაც ასეულობით ადამიანი შეეწირა. თავდაპირველად ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ ახალგაზრდები გამოვიდნენ, დროთა განმავლობაში კი მათ ქვეყნის პოლიტიკური ოპოზიცია, სხვადასხვა ტომთა ბელადები და სამხედროები შეუერთდნენ. 

აქციები პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების მოთხოვნით დაიწყო. თუმცა პროცესი შემდგომში სხვადასხვა მოთამაშეთა შორის ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლაში გადაიზარდა. სიტუაციის დარეგულირების იმედი მოგვიანებით გაჩნდა. ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სალეჰის ხელისუფლებიდან წასვლას და უსაფრთხოების სრულ გარანტიებს ითვალისწინებდა. სალეჰი სამჯერ იყო დოკუმენტზე ხელმოწერის ზღვარზე, თუმცა სამჯერვე უკანასკნელ წუთს გადაიფიქრა. ამან მისი მოწინააღმდეგეების გააფთრება გამოიწვია. 

სასახლის დაბომბვის შედეგად, სალეჰის გარდა დაშავდნენ – პრემიერ-მინისტრი, მისი ორი მოადგილე, პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეები და პარლამენტში მმართველი პარტიის ლიდერი. ყველა მათგანი პრეზიდენტთან ერთად საუდის არაბეთში გადაიყვანეს. მთავრობის წამყვანი წევრების დაკარგვის მიუხედავად, სალეჰის მომხრეები მაინც ინარჩუნებენ გავლენას. მისი ძალაუფლება სამხედროებზე იყო დაფუძნებული. ცენტრალური უსაფრთხოების ძალებს სალეჰის ძმისშვილი, რესპუბლიკურ გვარდიას კი შვილი უდგას სათავეში. 

ჰოსპიტალიზებულ სალეჰს ვიცე-პრეზიდენტი, აბდ რაბუ მანსურ ჰადი ცვლის. ეს უკანასკნელი სუსტი პოლიტიკური ფიგურაა. როგორც ვარაუდობდნენ, საჰი სიტუაციას ვერ აკონტროლებს. პრეზიდენტის დაშავების შემდეგ, მისმა ერთგულმა სამხედრო ნაწილებმა სანას გარეუბნებს შეუტიეს, სადაც მეამბოხე ტომების ბელადები და მათი მომხრეები იმყოფებოდნენ. 

წლების მანძილზე, სალეჰი ალ-ყაიდას შესავიწროებლად, ამერიკელებთან თანამშრომლობდა. ამჟამად იემენში კონტრტერორიზმის ამერიკელი ინსტრუქტორები მოქმედებენ, მაგრამ პენტაგონის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა დევიდ ლაპანმა განაცხადა, რომ მათი საქმიანობა პოლიტიკური დაძაბულობის გამო შეფერხდა. მანვე დასძინა, რომ იემენში, ამერიკის ანტიტერორისტულ პოლიტიკაში სალეჰი მთავარ როლს არ თამაშობს. 

სავარაუდოდ, ამერიკელები გააგრძელებენ თავიანთ ანტიტერორისტულ ოპერაციებს. ბოლოს მათ უშედეგოდ სცადეს, ალ-ყაიდას არაბეთის ნახევარკუნძულის ფრთის ლიდერის, ანვარ ალ-აულაქის განადგურება. ეს შტო ორგანიზაციის ერთ-ერთ აქტიურ და სახიფათო დაჯგუფებად ითვლება. სწორედ მათ დაგეგმეს 2009 წლის შობის დღესასწაულზე დეტროიტში მიმავალი თვითმფრინავის აფეთქება. ისინი ცდილობდნენ, ამერიკაში პრინტერის კარტრიჯებში დამალული ასაფეთქებელი ნივთიერებები შეეტანათ (ორივე ოპერაცია ჩავარდა). 

ბინ ლადენის განადგურების შემდეგ, მთლიანი ორგანიზაციის ლიდერობა, შესაძლოა, სწორედ მათ აიღონ საკუთარ თავზე. ტერორისტები იემენში პოლიტიკური გაურკვევლობის გაგრძელებით არიან დაინტერესებული. ალ-აულაქისთვის სამოქალაქო ომიც ხელსაყრელია, რადგან არალეგალური საქმიანობებისათვის ნოყიერი ნიადაგი შეიქმნება.

იემენში სამხედრო დაპირისპირებები უკვე ათწლეულებია გრძელდება. მისი გეოგრაფიული მდებარეობა, ცენტრალური მმართველობის გავლენის განვრცობას ართულებს. 1960-იანი წლების დასაწყისში დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდა და 1967 წელს ორი სახელმწიფოს შექმნით დასრულდა. 

1990 წელს იემენი გაერთიანდა, თუმცა მას შემდეგ ქვეყანაში ძალადობა პერიოდულად იფეთქებდა ხოლმე. ტომთა ბელადების გარდა, პოლიტიკური ინტერესები სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს გააჩნიათ. ერთი ჯგუფი ქვეყნის ჩრდილოეთში ავტონომიისთვის იბრძვის და როგორც იემენის ცენტრალურ მთავრობას, ისე საუდის არაბეთს უპირისპირდება. ქვეყნის სამხრეთის მოსახლეობას, რელიგიური განსხვავებულობის გამო, დამოუკიდებლობა სურს. 

სალეჰი მრავალფეროვან სამხედრო დაჯგუფებებს საკუთარი მიზნებისთვისაც იყენებდა. მან ისლამისტი მებრძოლები 1994 წელს, ქვეყნის სამხრეთში გაჩაღებული სეცესიონისტური მოძრაობის ჩასახშობად გააგზავნა. 

კიდევ ერთი პრობლემა, იემენ-საუდის არაბეთის 800-კილომეტრიანი საზღვარია. მისი გაკონტროლება ურთულესი საქმეა. ამით ისლამისტი მებრძოლები და ალ-ყაიდა სარგებლობენ. ტერორისტული ორგანიზაციების გაძლიერება არა მხოლოდ ამერიკის, არამედ საუდის არაბეთის თავსატეხიცაა. ეს უკანასკნელი, წლების განმავლობაში ცდილობდა იემენის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას. მეორე მხრივ, სუნიტური საუდის არაბეთისთვის, შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებში შიიტების გაძლიერება სარისკო გამოდგეს.

იემენის ეკონომიკა კოლაფსის პირას დგას. ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ უღარიბეს სახელმწიფოში, საწვავის მარაგი თითქმის ამოიწურა. ქვეყანაში ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის დეფიციტია. ეს პრობლემები, საპროტესტო აქციებზე უფრო, ქვეყნის გეოგრაფიულ და დემოგრაფიულ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. ისედაც მწირი წყლის რესურსები, თანდათან უფრო იკლებს. მოსახლეობის ერთი მესამედი შიმშილობის ზღვარზე დგას. 

ამ ყველაფერს სწრაფი დემოგრაფიული ზრდა კიდევ უფრო ამძიმებს. როგორც წესი, ნებისმიერ მოცემულ პერიოდში, ქალების 16% ფეხმძიმედაა. ამ ტემპებით, 24-მილიონიანი მოსახლეობა 30 წელიწადში გაორმაგდება. 

  ქვეყანაში სამოქალაქო ომის გაჩაღება, რამდენიმე მილიონი ადამიანის მეზობელ ქვეყნებში, პირველ რიგში – საუდის არაბეთში, გადინებას გამოიწვევს. იემენის წინაშე უფრო რთული ამოცანები დგას, ვიდრე უბრალოდ ავტორიტარული მმართველობის შეცვლა და დემოკრატიზაციაა.

ორიოდე კვირის წინ, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკის პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიული ტრანზიციაა. მის საგარეო პოლიტიკას იემენში მოუწევს გამოცდის ჩაბარება. კრიტიკული მდგომარეობის საპასუხოდ, მან საუდის არაბეთში საკუთარი მრჩეველი კონტრტერორიზმის საკითხებში, ჯონ ბრენანი გაგზავნა. 

სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ იემენის პრეზიდენტის დრო ამოიწურა. იემენში ამერიკის ელჩი ჯერალდ ფაეირშტაინი, ვიცე-პრეზიდენტ მანსურ ჰადის ახალი დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების აუცილებლობაში დარწმუნებას ცდილობს. თუმცა პრინსტონის უნივერსიტეტის ექსპერტის, გრეგორი იონსენისა და კონტრტერორიზმის საკითხებში ჯორჯ ბუში უმცროსის მრჩეველ ხუან ზარატეს აზრით, ამერიკას არ ჰქონდა და არ აქვს იემენში სალეჰის წასვლის შემთხვევაში მოქმედების გეგმა. ობამას გუნდს, საუდის არაბეთთან ერთად, სასწრაფოდ მოუწევს რაიმეს მოფიქრება – კიდევ ერთი არშემდგარი სახელმწიფოს – ახალი სომალის ან ავღანეთის თავიდან ასაცილებლად.

კომენტარები