Future Shorts პირველი საღამო საქართველოში

ირაკლი ბლუიშვილი
ვინც

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
ტაბულას ვებგვერდზე ამ თემაზე დაწერილი ტექსტი ვერ წაიკითხა, მოვახსენებთ, რომ Future Shorts-ი ბრიტანული, 8 წლის კინო-ლეიბლია. ის მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და ანიმაციის დისტრიბუციითაა დაკავებული. ამ წლების განმავლობაში ლეიბლმა დამოუკიდებელი ფილმების მოყვარულთა ერთ-ერთი უდიდესი აუდიტორია შექმნა.

YouTube-ში ძრომიალისას, წესით, თქვენც არაერთხელ გადაყრიხართ მის პროდუქციას, მოგწონებიათ და ალბათ მეგობრებისთვისაც გაგიზიარებიათ ვიდეოები. 

Future Shorts ONE კომპანიის ახალი პროექტია, რომელიც ერთი და იმავე კინოპროგრამით, ყოველი თვის ერთ საღამოს, მსოფლიოს 20 ქვეყანაში და 60 ქალაქში ტარდება. ამ ქვეყნების სიას მაისიდან საქართველოც დაემატა – ქვეყანა გლობალური კულტურული ქსელის ნაწილი ხდება. თვეში ერთ საღამოს, დანარჩენი 19 ქვეყნის ბინადრებთან ერთად, ქართველი მაყურებელი Future Shorts-ის შერჩეული ფილმების ნახვას შეძლებს. ასევე შესაძლებლობა გექნებათ, თქვენი ვიდეონამუშევარი, FS-ის ადგილობრივი წარმომადგენლების საშუალებით, ლონდონის სათავო ოფისს აჩვენოთ და ამაში ჰონორარიც მიიღოთ. 

ეს ყველაფერი როდია: ტრადიციული კინოფესტივალებისგან განსხვავებით, ONE-ის ღონისძიება მარტო ჩვენებით არ შემოიფარგლება. პარალელურად, კონცერტები, გამოფენები, ლაივ-პერფორმანსები ჩატარდება. 

28 მაისს, 20 საათზე, ლისის ტბაზე მდებარე Lisi Lounge-ში Future Shorts Georgia-ს პირველი საღამო გაიმართა. 

თბილისში იშვიათადაა კულტურული თავშეყრის დღეები, რომელთა შეფასებისას ცოტა პრეტენზია თუ გაგიჩნდება. ზუსტად ასეთი იყო 28 მაისი – საღამომ მოლოდინს სასიამოვნოდ გადააჭარბა. ამინდის პროგნოზის და სკეპტიკოსების ჯიბრზე, ამ დღეს არ უწვიმია. ღია ცის ქვეშ დიდი ეკრანის წინ  მოთავსებულ თეთრ შეზლონგებში მაყურებელი ისე იჯდა, როგორც ცნობილ ფოტოზეა, 1961 წელს, ატომური ბომბის საცდელ აფეთქებას VIP-დამკვირვებლები რომ უყურებენ... ოღონდ, ცხადია, ყველაფერი გაცილებით მწვანე, სასიამოვნო, გრილი და მხიარული იყო. ეკრანზე სხვადასხვა ქვეყნის ექვსი ფილმი, ერთი მუსიკალური ვიდეო და ერთიც ოსკაროსანი ანიმაცია გავიდა. მსუბუქად სიურრეალისტური ან ნოსტალგიურ-ლირიკული ფილმებისგან შემდგარი პროგრამა მაისის საღამოს ნამდვილად უხდებოდა. 

კინოჩვენების მერე Me and My Monkey-ს ლაივი დაიწყო, რომლის დროსაც დუეტის ახალმა წევრმა, საიდუმლო მაიმუნმა მოიხსნა “ნიღაბი” და გულშემატკივრების გასახარად, ახალი მაიმუნი ვაჟიკო მარი აღმოჩნდა. ამის შემდეგ კი Exit (ლუკა ნაკაშიძე) გამოვიდა, რომელმაც შეკრებილები ისე მოხიბლა, რომ ღამეს facebook-ში პოსტებიც კი გაჩენილა – ლუკა ელექტრონული მუსიკის მოცარტიაო. ბოლოს სცენა ელექტრონული მუსიკის ვეტერანმა, DJ ჟორჟიკამ დაიკავა. 

ხალხი ბევრი იყო – დიდები, პატარები, უცნობები, ნაცნობები... ზოგი კინოჩვენების მერე წავიდა, ნაწილი მუსიკალური პროგრამისთვის მოვიდა, ვიღაც – მარტო თავისი რჩეული მუსიკოსისთვის, ზოგიც – ისე, ინერციით... 

Future Shorts-ის მიზანიც ესაა: ყველა ასიამოვნოს, და კინოს, მუსიკის, ვიზუალური ხელოვნების ერთ საღამოში გაერთიანებით, აუდიტორიას დაუვიწყარი „გასეირნება” მოუწყოს.

მგონი, ქართული კინოხელოვნების, ახალი მედიისა და სიახლეების მოყვარულებისთვის მშვენიერი საჩუქარი გამოვიდა.


ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
 ამ ყველაფრის ავტორები კი ნინო ტოგონიძე და თამუნა ჯერვალიძე არიან, ან უბრალოდ სტუდია “ფორმა”, რომელიც გოგონებმა ორი წლის წინ დააარსეს. მის ფარგლებში ერთჯერადად ჟურნალიც კი გამოუშვეს – “ფორმატი”. მანამდე ნინო ხუთი წელი ლონდონში ცხოვრობდა და მულტიმედია-არტისა და ტექნოლოგიების კოლეჯში (SAE Institute) ციფრულ კინემატოგრაფიას სწავლობდა. ამის შემდეგ სტაჟირება ციფრული ხელოვნების მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციაში – Onedotzero-ში გაიარა. სწორედ იქ მუშაობისას გაიცნო Future Shorts-ის წარმომადგენლები. 

თამუნა და ნინო ყოველთვიურად შემოგვთაზებენ FS-ის საღამოებს. მომდევნო ღონისძიების დეტალები ჯერ არ ვიცით, მაგრამ ტაბულა ცნობებით აუცილებლად მოგამარაგებთ. 

დამატებითი ინფორმაციისთვის: http://www.facebook.com/Futureshortsgeorgia

კომენტარები