ასადის რეჟიმის მოულოდნელი დღეგრძელობის საიდუმლო

REUTERS

ფოტო: REUTERS
ებერვალში დაწყებული საპროტესტო ტალღა, მარტის შუა რიცხვებიდან, თითქმის მთელ სირიას მოედო. ოპოზიცია, ძირითადად ქალაქ დერააში, ჰომსში, ჰამაში, ალეპოში და დამასკოს გარეუბნებში აქტიურობს. ხელისუფლება დემონსტრანტებს სამხედრო ძალის გამოყენებით, დაშლით, წყლისა და ელექტროენერგიის გადაკეტვით უსწორდება. თუმცა ამ ყველაფერს, ასობით ადამიანის სიკვდილის გარდა, სხვა შედეგი არ მოუტანია. არადა, ბევრი ელოდა, რომ ალავიტურ უმცირესობაზე დაფუძნებული რეჟიმი, სახალხო გამოსვლებისთანავე ხუხულასავით დაიშლებოდა და ძალაუფლებას საკუთარ ხელში სუნიტური უმრავლესობა აიღებდა. 

კრიზისი ჯერ ძალიან არ გამძაფრებულა და დარწმუნებით ვერ ვიტყვით, გაიზიარებს თუ არა ბაშარ ალ-ასადი მისი წინამორბედი არაბი დიქტატორების – ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქისა და ტუნისის პრეზიდენტ ზაინ ალ-ამ დინ ბენ ალის ბედს. მისი რეჟიმი ძველებურად ძლიერია. საგულისხმოა ალავიტების ერთიანობა და მათი კვლავინდებური კონტროლი სამხედროებსა და დაზვერვაზე. ამასთანავე, ბაათის პარტია, ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში ერთპიროვნულ მმართველობას ინარჩუნებს. 


ფოტო: REUTERS
 სამხედრო ძალა ალ-ასადის ხელისუფლების მთავარი დასაყრდენია. მმართველი, სწორედ მისი გამოყენებით ახერხებს მომიტინგეების შეჩერებას. სირიის სამხედრო ძალის ტუნისთან შედარება არ შეიძლება. იქ სუსტმა არმიამ ვერ დაიცვა არაპოპულარული ლიდერი. ასევე არასწორია ეგვიპტესთან პარალელები, სადაც სამხედროებმა მუბარაქის გაწირვით ძალაუფლება შეინარჩუნეს. სირიის არმიაში ალავიტები დომინირებენ. მათ კარგად ესმით, რომ თუ ასადის რეჟიმი დაეცემა, ხელშეუხებლები არც ისინი დარჩებიან. ამიტომ, ეგვიპტისგან განსხვავებით, სირიის ჯარი ბოლომდე იბრძვის, ხოლო ტუნისისგან განსხვავებით, მას ეს ბრძოლის უნარი გააჩნია. 

სირიის რევოლუციის საბოლოო შედეგთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. დავობენ, თუ რა მოხდება რეგიონში ალ-ასადის ხელისუფლების დამხობის შემთხვევაში, რადგან ამან, შესაძლოა, არსებული მდგომარეობა ძირფესვიანად შეცვალოს. 

სირია, XX საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეა. ზუსტად ამ პერიოდში ეგვიპტემ ისრაელთან მშვიდობა დაამყარა და ისლამურმა რევოლუციამ ირანში შაჰის ხელისუფლება დაამხო. ისრაელთან იორდანიამაც დაამყარა მშვიდობა და ლიბანმაც, რომლის ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი, ისრაელს 20 წლის განმავლობაში ჰქონდა ოკუპირებული –  1982 წლის შეჭრის შემდეგ. 


ფოტო: REUTERS
რეალურად, ისრაელის სერიოზულ სამხედრო მოწინააღმდეგედ რეგიონში სირია დარჩა. ქვეყანამ ისლამისტურ ირანთან ალიანსი შეკრა, რომელსაც მოგვიანებით ჰეზბოლა და ჰამასის მოძრაობაც შეუერთდა. ეს ერთადერთი რეალური საფრთხეა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ისრაელს ემუქრება. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული წითელი ხაზი, რომელსაც ასადის რეჟიმი ისრაელთან მიმართებაში არასდროს კვეთს. 
აქედან გამომდინარე, სირიაში არსებული ვითარება, რეგიონის არც ერთ ქვეყანას არ აძლევს ხელს. კონსერვატიულ საუდის არაბეთს ბაასისტებთან ცუდი ურთიერთობა აქვს. თანაც სირია მისი მოსისხლე მტრის, ირანის მოკავშირეა. მიუხედავად ამისა, ელ რიადი ასადის რეჟიმის შენარჩუნებას უჭერს მხარს, ვინაიდან რევოლუციური დომინოს ეფექტის ეშინია.  

ირანი ფიქრობს, რომ მთავარ მოკავშირეს დაკარგავს. შესაბამისად – მიუხედავად იმისა, რომ თეირანი სხვა არაბულ ქვეყნებში მიმდინარე რევოლუციებს დადებითად აფასებდა, სირიის მოვლენებს გმობს. ისრაელის ხელისუფლებისთვის, ბაათისტების დამარცხება, ერთი მხრივ, შეიძლება დადებითი შედეგის მომტანი  იყოს. ეს ჰამასის მოძრაობისა და ჰეზბოლას დასუსტებას გამოიწვევს. თუმცა, ისრაელი ასევე შიშობს, რომ ახალი უმრავლესობის სუნიტური მთავრობა უფრო საშიშ მტრად იქცევა. იმავე ლოგიკით მოქმედებს ამერიკაც. 

დაზუსტებით არავინ იცის, თუ  როგორ განვითარდება მოვლენები სირიაში. სტრესი და დაძაბულობა კი, ქვეყანასთან ერთად, რეჟიმის შიგნითაც მატულობს. ბაშარ ალ-ასადი გამოსავლის ძიებაშია.  
 

კომენტარები