აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს ჩატარდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო აფსნიპრესი იუწყება. ვადამდელი ”საპრეზიდენტო არჩევნები” აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა. ბაღაფში ფილტვის ოპერაციის შემდეგ 29 მაისს მოსკოვში გარდაიცვალა. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მოსახლეობას, პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა წინასაარჩევნო პოლემიკის დროს ”გაწონასწორებულობა და ოპონენტებისადმი პატივისცემა” გამოიჩინონ. ”ქვეყნის მეთაურის არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად არჩევნებზე დასასწრებად საერთაშორისო დამკვირვებლები იქნებიან მოწვეული,” განაცხადეს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა.

30 მაისს ეუთოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება, რომ ამ ორგანიზაციის წევრები აფხაზეთში გამართულ ”საპრეზიდენტო არჩევნებს” არ დაესწრებიან. ”ეუთო მხოლოდ იმ ქვეყნებში გამართულ არჩევნებს აკვირდება, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრები არიან, აფხაზეთი კი მათ რიცხვში არ შედის,” განაცხადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს წარმომადგენელმა იენს ეშენბეხერმა. 

კომენტარები