”მრავალეროვანმა საქართველომ” სტურუას ბოიკოტი გამოუცხადა

სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანმა საქართველომ” შოთა რუსთაველის სახელობის თეატრს და მის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას ბოიკოტი გამოუცხადა. ”მრავალეროვანი საქართველოს” განცხადებაში მითითებულია, რომ ბოიკოტი სტურუას მიერ საინფორმაციო სააგენტო ”საქინფორმისთვის” მაისში მიცემულ ინტერვიუს უკავშირდება. ”ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა ინტერვიუში ვარაუდი გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ეთნიკური კუთვნილებისადმი. ეს იმ დროს, როდესაც ეთნიკური იდენტიფიცირების საკითხი თითოეული ადამიანის პირადული საქმეა და საჯარო განხილვას არ ექვემდებარება,” ვკითხულობთ განცხადებაში ”ბატონი სააკაშვილის ეთნიკური კუთვნილების, როგორც სომხურის მოხსენიება, ბატონმა რობერტმა ნეგატიურ კონტექსტში დააკავშირა პრეზიდენტისადმი სიძულვილისა და მისი მოღვაწეობის კრიტიკასთან. ასევე ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილს ქართველი ხალხისადმი სიყვარული იმიტომ არ გააჩნია, რომ იგი ეროვნებით სომეხია.”

”მრავალეროვანი საქართველოს” განცხადებით, ამ გამოთქმით სტურუამ ”მრავალეროვანი საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოვა მიაყენა.” სამოქალაქო მოძრაობის წევრების თქმით, მათ სტურუას ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. ”რამდენადაც ბატონ რობერტ სტურუას მხრიდან [ამ მოთხოვნას] არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია, ”მრავალეროვანი საქართველო” ბოიკოტს უცხადებს რუსთაველის თეატრს, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც გახლავთ რობერტ სტურუა. აგრეთვე მოვუწოდებთ სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და საქართველოს საზოგადოებას, შეუერთდნენ გამოცხადებულ ბოიკოტს.” 

კომენტარები