„ეხო მოსკვის” გამოკითხვა: უმრავლესობის აზრით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია

რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ რადიოსადგურის მსმენელთა უმრავლესობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.  ”ეხო მოსკვის” ვებ გვერდზე დასმულ შეკითხვაზე: „რა არის თქვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი?“  გამოკითხულთა 54-მა პროცენტმა უპასუხა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია.  გამოკითხულთა 38 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, 6 პროცენტს კი კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.   ”ეხო მოსკვის” ვებ გვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში მონაწილეობა  10000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. აქედან 6257-მა ჩათვალა, რომ  ორივე რეგიონი საქართველოს ნაწილია. 4474-ზე მეტ მსმენელს მიაჩნია, რომ ისინი  დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. 774 ადამიანს კი კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა. რადიოსადგურის ვებ გვერდის პარალელურად, იმავე თემაზე გამოკითხვა ტელეფონითაც მიმდინარეობდა. სატელეფონო გამოკითხვაში მონაწილე 611-მა აბონენტმა განაცხადა რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ნაწილებია. „ეხო მოსკვის“ ცნობით,  ეს გამოკითხულთა 60 პროცენტია.  სატელეფონო გამოკითხვაში მონაწილეთა  39-მა პროცენტმა კი  (404 ადამიანი) მიიჩნია, რომ ეს ორი რეგიონი დამოუკიდებელი  სახელმწიფოა. 

კომენტარები