ბურჯანაძე რამდენიმე მედია საშუალებას უჩივის

“სახალხო კრების” ლიდერი,   ნინო ბურჯანაძე რამდენიმე მედია საშუალების - ჟურნალ ”ტაბულას”, ასევე ტელეკომპანიების - ”რუსთავი 2-ის”, ”იმედის” და პირველი არხის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. მისი თქმით, სასამართლოს გარდა,  სარჩელი გაიგზავნება  ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოში და რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალისტურ ორგანიზაციაში. ბურჯანაძის თქმით, ჟურნალმა  “ტაბულამ”, რომლის 58-ე ნომრის გარეკანზე 26 მაისის მოვლენების შემდეგ გამოქვეყნდა ბურჯანაძის ფოტო წარწერით  - „გასამართლდეს,“ ”დაარღვია ადამიანის უფლებები და უდანაშაულობის პრეზუმპცია.”  ”ეს ფოტო  ისე გამოქვეყნდა,  რომ ჩემთვის შეკითხვაც არ დაუსვამთ,” ციტირებს ბურჯანაძეს საინფორმაციო სააგენტო ექსპრესნიუსი.  ბურჯანაძის  განცხადებით,  სასამართლოში უჩივლებს იმ სარეკლამო კომპანიასაც,  რომელმაც ფილარმონიასთან განათავსა ბანერი ”ტაბულას” აღნიშნული ნომრის გარეკანით.

”რუსთავი 2-ს”, ”იმედს” და პირველ არხს ბურჯანაძე ”ცილისმწამებლური” სიუჟეტების მომზადებასა და გაშვებაში  ადანაშაულებს და  მათგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

ბურჯანაძის თქმით, ის  სარჩელს  პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის,   უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგაც შეიტანს.  „თუ მათ ჰქონდათ ინფორმაცია სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ და ამის წინააღმდეგ არ მიიღეს ზომები, ეს არის დანაშაული და ამისთვის პასუხი უნდა აგონ,“ აღნიშნა ბურჯანაძემ. როგორც ”სახალხო კრების” ლიდერმა განმარტა, სასამართლოში სარჩელს შეიტანს  არა იმიტომ, რომ ქართული სასამართლოს ”დემოკრატიული გადაწყვეტილებების იმედი” აქვს, არამედ იმისთვის, რომ გაიაროს საჭირო პროცედურები საქმის საერთაშორისო სასამართლოში გასაგზავნად.  

კომენტარები