„ქართული პარტია“ ლიდერების ნაწილმა დატოვა

“ქართული პარტიის”  დამფუძნებელთა ნაწილმა -  ლევან გაჩეჩილაძემ, კოკა გუნცაძემ, კახა მიქაიამ და ლევან ჩიკვაიძემ პარტია დატოვეს. ამის შესახებ მათ დღეს სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ და არც მონაწილეობდნენ „ქართული პარტიის“ არც ერთ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებაში, რომელიც, მათი თქმით,  ეწინააღმდეგებოდა „ერთიანობის კურსს".  განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ  ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე, კახა მიქაია და ლევან ჩიკვილაძე ნათქვამია, რომ „სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ერთიანობით შეიძლება“, ამიტომ ისინი  იმოქმედებენ „დამოუკიდებლად საყოველთაო თანხმობისა და ერთიანობის მისაღწევად რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

„ქართული პარტიის“ დამფუძნებლებს შორის არსებული  კონფლიქტის  შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია  დიდი ხანია ვრცელდება. პირველად ორი თვის წინ პარტიის საჯარო ღონისძიებებიდან მოულოდნელად გაქრა კოკა გუნცაძე. გავრცელებული ხმებით, ის პარტიიდან   ფინანსური რესურსების არამიზნობრივი ხარჯვისთვის გაუშვეს. ეს ინფორმაცია მაშინ „ქართული პარტიის“ არც ერთმა ლიდერმა არ დაადასტურა. გუნცაძის პარტიიდან გაშვება არც მაშინ დაადასტურეს, როდესაც ის  პარტიის წვერებთან ერთად მაისის აქციებზეც არ მივიდა.

მაისის საპროტესტო აქციების დროს  „ქართული პარტიის“ დამფუძნებლებს შორის  ახალი კონფლიქტის შესახებ კიდევ ერთი ცნობა გავრცელდა.  ჟურნალისტები იუწყებოდნენ, რომ პარტიის დამფუძნებელს, ლევან გაჩეჩილაძესა და „ქართული პარტიის“ პოლიტიკურ მდივანს,  ეროსი კიწმარიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინფორმაცია არც ერთმა მათგანმა არ დაადასტურა. გუშინ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ეროსი კიწმარიშვილმა კიდევ ერთხელ უარყო პარტიაში რაიმე სახის კონფლიქტის არსებობა და განაცხადა, რომ პარტია პირვანდელი შემადგენლობით რჩება.

„ქართული პარტიის“ დამფუძნებელთა ერთი ნაწილის დღევანდელმა განცხადებამ   პარტიის შიგნით  მწავე უთანხმოების შესახებ არსებული არაოფიციალური ინფორმაცია დაადასტურა. ჯერჯერობით უცნობია დარჩებიან  თუ არა პოლიტიკურ ორგანიზაციაში მისი დამფუძნებლები და ლიდრები -  სოზარ სუბარი და ირაკლი ოქრუაშვილი.  

კომენტარები