საქართველო მესამესთვის ურუგვაის შეხვდება

იაპონიის ნაკრების მორაგბეთა საოცარმა თავდადებამ, გამართულმა თამაშმა და დეტალურად გათვლილმა ნაბიჯებმა შესაბამისი შედეგი მოიტანა. ამომავალი მზის ქვეყნის შვილებმა მასპინძელი ქართველები 29:14 დაამარცხეს. 

ამ წაგების შემდეგ პატარა ბორჯღალოსნები ჩემპიონობისათვის ვეღარ იბრძოლებენ, მათი შემდგომი მეტოქე ურუგვაის ნაკრები იქნება, მათთან მესამე ადგილისათვის მოგვიწევს დაპირისპირება. 
 
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პაატა ნარიმანიშვილის განცხადებით, მოწინააღმდეგე ჩვენზე უფრო მაღალი დონის გუნდიც იყო და ბევრი სიურპრიზიც შემოგვთავაზა: „ნამდვილად არ ველოდით თუ იაპონელები შერკინებაში ასე ითამაშებდნენ, საოცრად ორგანიზებულები და თავდადებულები იყვნენ. ჩვენ კი შესაბამისად ვერ ვითამაშეთ, ვერ დავუპირისპირეთ ჩვენი პლუსები, რისი იმედიც გვქონდა სწორედ იმაში გვაჯობეს - მოლებში და რაქებშიც კი ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდნენ. კარში ფაქტობრივად უშეცდომოდ დამრტყმელმა ბახვა კობახიძემ ამჯერად ორი ჯარიმა ააცილა, ეს გუნდზეც აისახა და საბოლოოდ დავმარცხდით კიდეც“.
 
იაპონელების მთავარი მწვრთნელის, იუკიო მოტოკის აზრით მათი მოგების უმთავრესი მიზეზი ზუსტად დაგეგმილი თამაში იყო: „დაცვამ საოცრად კარგად ითამაშა, ძალიან კონტაქტური შეხვედრა გამოვიდა, მორაგბეები ბოლომდე კონცენტრირებულები იყვნენ და ამან შედეგიც მოიტანა - ჩვენ გავიმარჯვეთ. ვიცოდით, რომ ქართველებს ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები გყავდათ და  შევეცადეთ ესეც საჩვენოდ გამოგვეყენებინა.“
 
შემდეგ უკვე იაპონელთა ნაკრების კაპიტანის კეისუკე უჩიდას ჯერი დადგა: „ვფიქრობ დღევანდელი თამაში კარგი გამოცდა იყო, ბევრი რამ ვისწავლეთ და ვფიქრობთ, რომ იგივე სტილით ვითამაშოთ სამოასთანაც. მათაც ფიზიკურად და ინდივიდუალურად ძლიერი მორაგბეები ყავთ და გამარჯვებისათვის ვიბრძოლებთ“.
 

კომენტარები