NATO-მ ლიბიაში სამხედრო ოპერაცია გააგრძელა

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის კოალიციური ძალების ხელმძღვანელობამ ლიბიაში სამხედრო ოპერაციის კიდევ სამი თვით გაგრძელება გადაწყვიტა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ალიანსი „საქმის ბოლომდე მიყვანას“ გეგმავს.

კოალიციის საჰაერო ოპერაცია ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფისადმი ლოიალურად განწყობილი ძალების წინააღმდეგ მარტში დაიწყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, პოლკოვნიკი კადაფი გადადგომას არ აპირებს. დაპირისპირება ოპოზიციურ ძალებსა და კადაფის მეომრებს შორის კვლავ გრძელდება. სამშაბათს ლიბიის ხელისუფლებამ NATO-ს კიდევ ერთხელ დასდო ბრალი მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილში. მუამარ კადაფის მთავრობის სპიკერმა, მუსა იბრაჰიმმა განაცხადა, რომ 19 მარტიდან 26 მაისის ჩათვლით NATO-ს ავიადარტყმების შედეგად 178 სამოქალაქო პირი დაიღუპა, ხოლო 4067 დაიჭრა. თუმცა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ლიბიის ხელისუფლებას არ ჟურნალისტებისთვის არ წარუდგენია. მუსა იბრაჰიმის თქმით, მუამარ კადაფი წასვლას არ აპირებს, რადგან მისი გადადგომა „ლიბიაში უსაფრთხოების სისტემის მოშლის ტოლფასი იქნება.“ 

კომენტარები