სირიის მთავრობამ პოლიტპატიმრების საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა

 ქვეყანაში მიმდინარე რამდენიმეთვიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დასრულების მიზნით, სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა პოლიტიკური პატიმრების საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა. მათ შორის არიან ორგანიზაცია მუსლიმთა საძმოს წევრებიც. ამნისტიის ტექსტში წერია, რომ ასადი 31 მაისამდე ჩადენილ ყველა დანაშაულს პატიობს დაკავებულებს. უცხოური მედიის ცნობით, ამნისტიის შესახებ განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის ხელისუფლება რამდენიმე დღეში ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებთან დიალოგის დაწყებასაც შეეცდება. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამნისტია და დიალოგი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად საკმარისი არ არის.  „ჩვენ ერთი კონკრეტული ლოზუნგი გვაერთიანებს: ხალხს რეჟიმის დამხობა და ყველა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა სურს,“ ციტირებს სააგენტო France Presse ერთ-ერთ ოპოზიციონერ აქტივისტს.

ასადის განცხადებების პარალელურად, სირიაში ანტისამთავრობო ძალებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები გრძელდება. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლების ცნობით, რამდენიმეთვიანი დაპირისპირებების შედეგად ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 ათასზე მეტი დააპატიმრეს.

ოპოზიციის სიმბოლო 13 წლის ბიჭი, ჰამზა ალ-ჰატიბი გახდა. ის ქალაქ დერააში მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპა. მისი დასახიჩრებული და ნაწამები სხეული გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ იპოვეს. ალ-ჰატიბის სიკვდილს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონიც გამოეხმაურა. „ჩემი აზრით, ბევრი სირიელისთვის ეს მთავრობის მიერ საკუთარი ხალხის მოთხოვნების მოსმენის ყველა ძალისხმევის სრული კრახის სიმბოლოა,“ აღნიშნა მან. კლინტონმა სირიის მთავრობას ძალადობის შეწყვეტისა და „რეალურ დემოკრატიაზე“ გადასვლისკენ მოუწოდა. 

კომენტარები