მუდამ დაშლის პირას მყოფი სახელმწიფო ამჯერადაც გადარჩა

ბოსნიის სერბებით დასახლებული რეგიონის, სერბული რესპუბლიკის ლიდერმა მილორად დოდიკმა, ცენტრალური მთავრობის გვერდის ავლით, ივნისის შუა რიცხვებში რეფერენდუმის ჩატარება გადაიფიქრა. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ქეთრინ ეშტონთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. რეფერენდუმის გადადების მიზეზი ევროგაერთიანების მხრიდან მიღებული გარანტიაა – დასავლეთი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მის პრეტენზიებს მხედველობაში მიიღებს. შედეგად, ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ იკლო. თუმცა, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანას მთავრობა ჯერ კიდევ არ ჰყავს. 

რეფერენდუმზე, სახელმწიფო სასამართლოსა და პროკურორის ოფისის ლეგიტიმურობის საკითხის გატანა იგეგმებოდა. ეს ინსტიტუტები ბოსნიის ომის (1992-1995 წლები) დანაშაულებათა გამოძიების მიზნით, 2002 წელს შეიქმნა. მათ ზედამხედველობას, 1995 წლის დეიტონის ხელშეკრულებით დანიშნული, საერთაშორისო საზოგადოების უმაღლესი წარმომადგენელი (დღეს – ვალენტინ ინცკო) უწევს. დოდიკს მათ სათანადო ფუნქციონირებაში ეჭვი შეჰქონდა – სასამართლოს სერბების წინააღმდეგ ტენდენციურობაში, ინცკოს კი უფლებამოსილებების გადაჭარბებაში ადანაშაულებდა. საერთაშორისო საზოგადოებაც დოდიკს მსგავს ბრალდებებს უყენებდა – რეფერენდუმზე გატანილი კითხვა მის კომპეტენციაში არ შედის და რეგიონის დონეზე ვერ გადაწყდებოდა. ინცკომ დოდიკს რეფერენდუმის გასაუქმებლად ერთკვირიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერბ პოლიტიკოსს სანქციების დაწესებით – მოგზაურობის აკრძალვა და საბანკო ანგარიშების გაყინვა – დაემუქრა. 
 
დასავლეთის ჩარევა ერთი ფაქტორით აიხსნება – სერბი პოლიტიკოსის ქმედებას სეპარატიზმის გამოვლინებად მიიჩნევდნენ. აღსანიშნავია, რომ დოდიკი ბოსნიის ერთიან სახელმწიფოს ხშირად „უაზროს” უწოდებს. სამაგიეროდ, იგი სერბთა თვითგამორკვევაზე ამახვილებს ყურადღებას. 
როგორც ცნობილია, დღეს ქვეყანა ორ, ნახევრად ავტონომიურ ერთეულად იყოფა – ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაცია და სერბული რესპუბლიკა. პირველი მათგანი ბოსნიელი მუსლიმებით (48%) და ხორვატებითაა (კათოლიკე – 15%) დასახლებული. მეორეში კი სერბები (მართლმადიდებელი – 34%) ჭარბობენ. ეთნიკურ-რელიგიური დაყოფა პოლიტიკაშიც აისახება.
 
ბოსნიას დღეს მთვრობის ფორმირების საკითხი გადასაწყვეტი აქვს. ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SDP) ორ ხორვატიულ პოლიტიკურ გაერთიანებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. SDP, პარტიის რიგებში სერბი და ხორვატი წევრების ყოლით, მრავალეთნიკურ გაერთიანებად მიიჩნევს თავს. თუმცა ხორვატები, მუსლიმური პოლიტიკური კურსის გატარებასა და კოალიციიდან ძლიერ ოპონენტთა ეთნიკური ნიშნით გამორიცხვაში ადანაშაულებენ. მათ სამთავრობო კოალიციაში შესვლის ნაცვლად, პარალელური გაერთიანება –
ხორვატიული ეროვნული ასამბლეა დააარსეს. SDP-მ კი კონსტიტუცია დაარღვია და ფედერალური მთავრობის ფორმირება სცადა. 
 
ამას თან ერთვის შიში ბოსნიაში რადიკალური ისლამის მომძლავრების შესახებ. საერთაშორისო ტერორიზმის ექსპერტები, ქვეყანას ევროპაში ისლამ ექსტრემისტთა ერთ-ერთ ეპიცენტრად განიხილავენ. ისლამური ქვეყნები, 100 ათასი ბოსნიელი მუსლიმის რელიგიური განათლებისთვის, ფულს ბოსნიაში მოქმედი ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებით ათეთრებენ. ახალგაზრდები სპეციალურად დარეგისტრირებულ ბანაკებში ტრენინგებს გადიან. ისინი არა მარტო ვაჰაბისტური ისლამის ინტერპრეტაციებს ეუფლებიან, არამედ ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებას, სნაიპერისა და სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებას სწავლობენ. ეს ბალკანეთის ქვეყნებში არსებული ტენდენციის ერთგვარი გამოვლინებაა. 
მაგალითად, 2011 წლის მარტში მუსლიმები (კოსოვოდან) ფრანკფურტის აეროპორტში ამერიკელ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ. ამას მოშლილი პოლიტიკური სისტემა, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები განაპირობებს. ქვეყანა ევროპის ერთ-ერთ ღარიბ სახელმწიფოდ ითვლება. ბოსნიის საერთაშორისო ვალი 3,1 მილიარდ დოლარს შეადგენს, უმუშევრობის დონე 40%, ინფლაცია კი 2,5%-ია. ქვეყნის ეკონომიკამ 2009 წელს მშპ-ს -3,2%-იანი ზრდა აჩვენა. კერძო ბიზნესის წასახალისებლად სტრუქტურული რეფორმებია საჭირო. 
 
რეფორმების გატარებაში, დასავლეთის როლი განმსაზღვრელია. ბოსნიამ 2010 წელს NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღო. 2009 წლიდან, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ქვეყანას სოციალური დანახარჯების შემცირებასა და ფისკალური კრიზისის აღმოფხვრაში ეხმარება. საბიუჯეტო დეფიციტის დასაბალანსებლად კი, ევროკავშირის მხრიდან 140 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას ელოდება. თუმცა, ბოსნია მას კრიზისის საბოლოო დაძლევის შემთხვევაში მიიღებს.

კომენტარები