სოხუმელები რუსეთს ადამიანის უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის აფხაზეთის  სამხედრო დასასვენებელი სანატორიუმების საკუთრებაში გადაცემის შემდეგ, პირველი სერიოზული კონფლიქტი  ადგილობრივებსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ამ დღეებში დაიწყო. სანატორიუმ „სოხუმში“ მომუშავე 1000-ზე მეტი ადამიანი - ექიმები და სხვა პერსონალი, მათი ოჯახის წვერები და მხარდამჭერები ქუჩაში გამოვიდნენ და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის მთავრობისგან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითნებობის შეზღუდვა და საკუთარი უფლებების დაცვა მოითხოვეს.  

კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სანატორიუმი „სოხუმი“ ხანგრძლივი  კაპიტალური რემონტისთვის დაიკეტა, ხოლოს იქ მომუშავე პერსონალის შრომითი კონტრაქტები გაუქმდა. სანატორიუმის პერსონალი ეჭვობს, რომ რუსეთი სანატორიუმების ლიკვიდაციას და შენობების სხვა დანიშნულებისთვის გამოყენებას გეგმავს. „თუ სანატორიუმი კაპიტალური რემონტის შემდეგ ისევ უნდა გაიხსნას, მაშინ რატომ აუქმებენ პერსონალის კონტრაქტებს , იმის ნაცვლად, რომ შევბულებაში გაუშვან და ამ პერიოდში ხელფასის ორი მესამედი აუნაზღაურონ, როგორც ეს რუსეთში სხვა რუსული ბაზების კუთვნილ სანატორიუმებში ხდება,“ განუცხადა გაზეთ „კომერსანტს“  სანატორიუმის დირექტორის მოადგილემ,  ლალია ჯენიამ. საქმე ის არის,  რომ აფხაზეთში  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ტერიტორიაზე რუსული კანონები მოქმედებს.

რუსული მედიის ცნობით, დაპირისპირება იმდენად სერიოზულია, რომ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა  სიტუაციის გამოსაძიებლად სპეციალური კომისია შექმნა, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სოხუმში სპეციალური ჯგუფი გააგზავნა.

ბოლო დღეებში სოხუმში მიმდინარე აქციებზე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ რუსეთი სამხედრო ბაზიდან ქალაქში სამი ჯავშანმანქანა გამოვიდა და სანატორიუმ „სოხუმის“ტერიტორიაზე მდებარე რუსეთის საელჩოს დასაცავად დაიძრა. რუსული ჯავშანმანქანები დისლოკაციის ადგილს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდნენ, რაც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის უმაღლესმა წარმომადგენლებმა დაარწმუნეს რუსი სამხედროები, რომ პრობლემას მათი დახმარების გარეშე  მოაგვარებდნენ.   

სამხედრო სანატორიუმი „სოხუმი“ 55 წელია ფუნქციონირებს ის  20 ჰექტარზეა განლაგებული სოხუმის ცენტრში, შავი ზღვის პატარა ყურესთან და გათვლილია 1800 დამსვენებელზე. აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზის შექმნის შემდეგ,  სანტორიუმი გუდაუთაში მდებარე  დასასვენებელი კომპლექსის, „სამხრეთის“ ფილიალი გახდა. 

შარშან აფხაზეთში სტუმრად მყოფმა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სანატორიუმები არ დაიხურებოდა. აფხაზეთში მიიჩნევენ, რომ  რუსეთი ცდილობს  აფხაზეთის ტურისტული სეზონი ჩააგდოს და იმიტომაც დახურა სანტორიუმები სეზონის დაწყების წინ.  

კომენტარები