10 კითხვა ნათია სართანიას

ვინ არის ნათია სართანია, ვინ არის ნასტია და ვინ არის sTia?

ნათია სართანია არის ბავშვობა, გრძელი, ქერა კიკინებით, დაბადებული პიანისტად. :) ნასტია არის ნათიას ოპოზიტი – DJ ჩარჩოების გარეშე. sTia-ს ჯერ კიდევ ვეცნობი.
უფრო მარტივად კი – დავიბადე ნათია სართანიად; ფსევდონიმი „ნასტია” მაშინ მომიგონეს მეგობრებმა, როცა თინეიჯერობისას რადიო 106-ში DJ-დ ვმუშაობდი; შემდეგ მოვიდა sTia – ეს ჩემი ბოლო ფსევდონიმია, ვიყენებ music making-ის დროს. პასპორტში კი ნათია სართანია-ქიტუაშვილი ვარ.

რა განსაკუთრებულ შტრიხებს აძლევს თქვენს ელექტრონულ მუსიკას თქვენი კლასიკური მუსიკალური განათლება?

ინგლისურად ადვილად გიპასუხებდი: IDENTITY. ქართულად ცოტა მიჭირს :)

რომ არა სოციალური ქსელი myspace, რა ბედი ეწეოდა თქვენს მუსიკას?

ჩემი მუსიკის გავრცელების ერთადერთი წყარო სოციალური ქსელებია, ასე რომ, რომ არა ისინი, ალბათ ამ კითხვარში მონაწილეობას ვერ მივიღებდი. :) თუმცა კი მუსიკის წერას თავისთავად განვაგრძობდი, ხოლო რა ბედი ეწეოდა... ჰმმ... ვინ იცის, თვითონ იპოვიდა თავის გზას.

პარკი თქვენი ლონდონის სახლის გვერდზე – რატომ აქვს შთაგონების ძალა?

ის პარკი ჯადოსნურია, იქ ბევრი რამ გადამიტანია. 15 წლის მანძილზე ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. იქ მზეს ვეფიცხებოდი, ძაღლებსა და მათ პატრონებს ვაკვირდებოდი, იქ გამქურდეს, ჩემი ორივე შვილი პირველად იმ პარკში გავასეირნე, იქ ბევრჯერ მიტირია და მიცინია. ყოველ დილას, გაღვიძებისთანავე, ჩემი უზარმაზარი ფანჯრიდან სწორედ ამ პარკს ვუცქერდი... ჩემი მერხიც ისე იყო განლაგებული, რომ მუსიკის წერისას სულ იმ პარკს შევცქეროდი.

როდის ხართ ყველაზე პროდუქტიული?

როდესაც სულს სწყურია :)

რას ნიშნავს თქვენთვის „ელექტრონავტობა”?


„ელექტრონავტი” მხოლოდ სტატუსია.

როგორია თქვენი პირადი სამოთხე?

ჩემი პირადი სამოთხე ის იქნება, როდესაც არანაირ დანაშაულის გრძნობას არ ვიგრძნობ.

თქვენი ყველაზე ცუდი ჩვევა?

ჩემს ცხოვრებაში ყველა გრძნობა ძალიან ექსტრემალურია. ყველაფერი ძალიან კარგად არის ან ძალიან ცუდად. საშუალო არ არსებობს. ემოციურად დამღლელია. I’m a drama queen!

რითი ამაყობთ ყველაზე ძალიან?

ჩემი ოჯახით.

რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

ეს კითხვა პერიოდულად იცვლება, თუმცა კი ყველაზე ხშირად „ვინ ვარ მე?”, „რა მინდა მე?” არის.

 

 

კომენტარები