მოცეკვავე პრეზიდენტები

სოციალურ ქსელში და ვიდეოპორტალებზე, ბოლო დროს გაჩენილი ვიდეო, რუსეთის პრეზიდენტ მედვედევის მონაწილეობით, ინტერნეტჰიტად იქცა. ვიდეოში, კრემლის პირველი პირი, უნივერსიტეტის მეგობრების შეკრებაზე, 90-იანი წლების რუსულ ჰიტზე – „American Boy” – თავდავიწყებით ცეკვავს.

ვიდეომ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მსგავსი მოვლენისადმი დამოკიდებულებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მსოფლიო ქვეყნების ხალხებს, დემოკრატია სხვადასხვაგვარად ესმით. მაინც როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი, საზოგადოების მოწონება რომ დაიმსახუროს?
 
რახან დემოკრატიას ვეხებით, გასაკვირი არ იქნება, თუ საუბარს ამერიკის შეერთებული შტატებით დავიწყებთ. პრეზიდენტ მედვედევთან დაკავშირებით, შტატების მოქალაქეებს ერთადერთი პრეტენზია ჰქონდათ: შენიშვნა ცეკვის მანერას ეხებოდა. რუსეთის პირველი პირის მოძრაობები ძველმოდურად მიიჩნიეს. სამაგიეროდ, ამერიკელებს უარყოფითად არ შეუფასებიათ პრეზიდენტის საჯაროდ „ტინგიცის” ფაქტი. ამას არც პოლიტიკური სარჩული დადებია. ეს გასაკვირი არცაა, თუ საკუთარი პრეზიდენტების მსგავს ქცევებთან დაკავშირებით ამერიკული საზოგადოების რეაქციებს გადავხედავთ. ამ მხრივ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ბუში-უმცროსი, შტატების ობამამდელი პრეზიდენტი, რომელიც კარგი იუმორითა და ცეკვა-სიმღერისადმი სიყვარულით გახლდათ ცნობილი. ვიდეოპორტალებზე უხვად მოიპოვება ვიდეოები ჯორჯ ბუშის მონაწილეობით, სადაც ის მუსიკის რიტმს აყოლას და სხეულის მკვეთრ მოძრაობებს არ ერიდება. ეს ყველაფერი, რაღა თქმა უნდა, საჯარო სივრცეში ხდება. თუმცა, სოციალურ ქსელებსა და ვიდეოპორტალებზე განთავსებულ კომენტარებში, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ ამოიკითხავთ ამ კადრებთან დაკავშირებით უარყოფით მოსაზრებას. სამაგიეროდ, ხშირად შეხვდებით ასეთს – „ბუში კარგი ადამიანი, მაგრამ ცუდი პრეზიდენტი იყო”, „მომენატრება მისი იუმორი”, და ა.შ. 
 
ფოტო: REUTERS ©
პრეზიდენტი ობამა
ასეთი დამოკიდებულება, პირველ რიგში, ამერიკელი ხალხის ეთნოფსიქოლოგიითაა გამოწვეული. მათთვის დემოკრატია მართვის ყველაზე გამართლებულ ფორმას წარმოადგენს. ამერიკელთა პრეზიდენტი ზუსტად ისეთი უნდა იყოს, როგორსაც დემოკრატია გულისხმობს. სასურველია, პრეზიდენტი საკუთარ ამომრჩევლებს ჰგავდეს. ეს ქცევის წესებსაც გულისხმობს. რა თქმა უნდა, ქვეყნის პირველი პირი არ უნდა არღვევდეს მორალის საზღვრებს, მაგრამ ნებისმიერ სხვა მოქალაქესავით: სადაც საჭიროა, იცეკვოს, სადაც საჭიროა – უნდა იმღეროს კიდეც, ჰქონდეს იუმორის გრძნობა. ამერიკელებს უხარიათ, როდესაც ხედავენ, როგორ „ჩვეულებრივად” ასეირნებს მათი პრეზიდენტი ოჯახთან ერთად ძაღლებს თეთრი სახლის ეზოში. მოსწონთ, როდესაც პირველი პირი, მათთან ერთად თამაშობს „ჩვეულებრივ” სპორტს და ა.შ. მოკლედ, ამერიკელებს „ჩვეულებრივი” პრეზიდენტი მოსწონთ.
 
მედვედევის პრობლემა ისაა, რომ მას დემოკრატი პრეზიდენტის იმიჯის შექმნა სურს. ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტივით იქცევა. თუმცა, მედვედევი შეცდა: მან ვერ გაითვალისწინა რუსული საზოგადოების დამოკიდებულება, რომელიც ამერიკულისგან რადიკალურად განსხვავდება. რუსულ სოციალურ ქსელებში, პრეზიდენტის ცეკვასთან დაკავშირებით ნეგატიურ კომენტარებს უხვად შეხვდებით. ამ ფაქტს პოლიტიკური კონტექსტიც მიანიჭეს და საკუთარ მმართველს „ამერიკელების დაკრულზე მოცეკვავე” უწოდეს. მოკლედ, რუსულ საზოგადოებას არ მოეწონა თავისი პრეზიდენტის ქცევა. 
 
მსგავს რეაქციას კვლავ ეთნოფსიქოლოგიასთან მივყავართ. რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამგვარ ხალხურ გამოთქმას შეხვდებით – „придет барин, барин нас рассудит” (მიახლოებული თარგმანი ასე ჟღერს: მოვა მთავარი და ის განგვსჯის). მმართველი იქ უზენაეს არსებას წარმოადგენს. ის ვალდებულია, ძლიერი და ჭკვიანი იყოს. რაც მთავარია, მისი „ჩვეულებრივობა” სრულიად მიუღებელია. შესაბამისად, რუსები პრეზიდენტის და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის მიმართ დიდი სიმპათიით არიან განწყობილი. ყველას ახსოვს მედიაში გამოჩენილი ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის დროინდელი ფოტოები, სადაც წელს ზემოთ ტიტველი ბატონი პუტინი ხან ცხენზეა შემომჯდარი, ხან ნავით მდინარის ტალღებს მიაპობს. ამ ტანით მომცრო ადამიანის მედგარი გამომეტყველება დაუვიწყარია. ეს იმიჯი მისი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძლიერების სიმბოლოა. ამიტომაც, მათთვის მედვედევი სასაცილო მარიონეტია – ადამიანი, რომელსაც სახეზე მუდამ ნაზი ღიმილი გადაკრავს და არც მკაცრი კომენტარებით გამოირჩევა. 
 
ფოტო: REUTERS
პრეზიდენტი სააკაშვილი
და ბოლოს, პარალელი საქართველოსთანაც შეიძლება გავავლოთ. ჩვენმა პრეზიდენტმა კარგად იცის დემოკრატი მმართველისთვის დამახასიათებელი ქცევის ყველა წესი. პერიოდულად ამის დემონსტრირების მცდელობებიც აქვს. თუმცა, რუსეთის მსგავსად, არც ჩვენი საზოგადოება იწონებს პრეზიდენტის „ჩვეულებრივ” ქცევებს. განსაკუთრებული ნიჭი არ სჭირდება იმის წარმოდგენას, თუ რა რეაქცია მოჰყვება საზოგადოების მხრიდან, პრეზიდენტმა რომ საჯაროდ იცეკვოს ან იმღეროს. თუმცა, რუსებისგან განსხვავებით, ქართულ საზოგადოებას ძლიერების დემონსტრირებაც ნაკლებად გვჭირდება. საქართველოს პრეზიდენტი, პირველ რიგში, ღირსეული ადამიანი უნდა იყოს – თავდაჭერილი, თავმდაბალი და თავმოყვარე. მართალია, ეს თვისებები ყველა ქვეყნის მმართველს მოეთხოვება, მაგრამ ქართველებისთვის განსხვავებული, განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა. მეტიც, ეს მხოლოდ ქართველ მეფეებს ახასიათებდათ. შესაბამისად, ქვეყნის მმართველი ხელმწიფის დარი უნდა იყოს. 
 
ამიტომაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, კიდევ კარგა ხანს ვერ გაბედავს რომელიმე ქვეყანაში ვიზიტისას ან პოპულარულ ტელეშოუში წამყვანთან ერთად ცეკვას, არც მისი ტორსის დემონსტრირება იქნება ხალხისთვის დიდად მისაღები. შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ – ლაღი მოძრაობები რეალიზებული საზოგადოების, კუნთების თამაში კი „დერჟავას” თაყვანისმცემლების ხვედრია. 

კომენტარები