პროფესია: მშობლის ჩრდილი

ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მცირეწლოვანი აღსაზრდელის ცემისთვის ვინმე „ცაცა” დააკავა. ძიძის დანაშაული მშობლებმა სათვალთვალო კამერის დაყენების შემდეგ აღმოაჩინეს და სასამართლოში იჩივლეს. მსგავსი შემთხვევები ადრეც გახმაურებულა, თუმცა მაშინ მშობელმა დამნაშავე ნათესაური კავშირების გამო დაინდო. მცირეწლოვანზე ძალადობის გასაჯაროვების შემდეგ, მრავალ მშობელს კიდევ ერთხელ დაებადა კითხვა – როგორ ვიპოვოთ ძიძა, რომელიც არა მხოლოდ დანაშაულს არ ჩაიდენს, არამედ საკუთარ მოვალეობასაც პირნათლად შეასრულებს? 

დასავლელი მშობლებისთვის კარგი ძიძის პოვნა დიდი ხანია მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლის ზრდის გამო, ბავშვის აღმზრდელის დაქირავება, ფუფუნებიდან საჭიროებად გადაიქცა. ამან, თავის მხრივ, ახალი პრობლემა წარმოშვა – სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის მიხედვით, ძიძების მხრიდან ბავშვებზე ძალადობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. საქართველოში მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს. მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ის არის, რომ ხშირად დანაშაულს მშობლები არ ახმაურებენ ან უბრალოდ ვერ იგებენ. სიტუაცია მაშინ რთულდება, თუ მშობელს ყვირილი და დასჯის ძალადობრივი მეთოდები დანაშაულად საერთოდ არ მიაჩნია. ძნელი დასაჯერებელია, რომ ჩვენთან აღმზრდელებისა თუ მომვლელების მხრიდან ბავშვებზე ძალადობა, დასავლეთში მსგავსი ფაქტების რიცხვს ჩამოუვარდებოდეს.
 
სააგენტო მერი პოპინსის ინფორმაციით, რომელიც ძიძებს 1997 წლიდან ასაქმებს, 14 წლის წინ, ბავშვის მეთვალყურეზე მოთხოვნა თითქმის არ იყო. სააგენტოს თვეში ერთი-ორი კაცი თუ აკითხავდა. 2000 წლიდან სურვილმა იმატა, ხოლო 2007 წელს პიკს მიაღწია. ომის დროს ძიძის მაძიებელთა რიცხვმა კვლავ იკლო, ახლა კი მკვეთრად არის გაზრდილი. სააგენტოების ცნობით, საშუალო სტატისტიკური დედისთვის იდეალური ძიძა ასეთია: 35-დან 40 წლამდე სასიამოვნო გარეგნობის, ქართველი ან რუსი ქალბატონი, მართლმადიდებელი, ჯანმრთელი, ჰიგიენური, სამედიცინო ან პედაგოგიური განათლებით და, რაც მთავარია, შესაბამისი გამოცდილებით. სასურველია, არც „ძალიან სასიამოვნო” გარეგნობის – რადგან დედას მეუღლეზე ეჭვიანობის საბაბი არ ჰქონდეს. რუს ძიძებს ძირითადად ბავშვისთვის უცხო ენის სწავლის სურვილით ირჩევენ, თუმცა მშობელთა ნაწილი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრები რუსი ქალბატონები კარგი დისციპლინითა და განსაკუთრებული ჰიგიენურობით გამოირჩევიან. 
 
პარალელურად, ქართველი დიასახლისების ნაწილი თვლის, რომ ძიძობა ისეთივე ადვილია, როგორც ვთქვათ დამლაგებლობა – განსაკუთრებულ განათლებას არ საჭიროებს, ანუ „ყველას შეუძლია”. ამას ძიძათა სააგენტოში შესული მრავალი ათასი განცხადებაც მოწმობს. გასაუბრების შემდეგ ხშირად ირკვევა, რომ ძიძობის მსურველი იოლი ფულის შოვნას „არაფრის კეთებით” ცდილობს. ასეთ პირობებში – როცა ყველა ირწმუნება, ბავშვის მოვლა კი ცოტას შეუძლია – მშობელი წარმოუდგენლად რთული არჩევანის წინაშე დგება. 
 
ძიძამ დანაშაული რომც არ ჩაიდინოს, რისკები მაღალი რჩება – შესაძლოა, ბავშვის აღზრდაში მან ნეგატიური წვლილი მაინც შეიტანოს. ეს განსაკუთრებით იმ მოზრდილი ასაკის ბავშვებს ეხებათ, რომელთაც სოციალური უნარ-ჩვევები ახლა უყალიბდებათ. გამოუცდელ დედებს ფსიქოლოგები ურჩევენ, ძიძასთან პარტნიორული ურთიერთობა ჩამოაყალიბონ და ბავშვის აღზრდა საკუთარ თავზე აიღონ. ძიძასთან და ბავშვთან მშობლის მუდმივი კომუნიკაციაა საჭირო. ძიძა არ არის აღმზრდელი – აღმზრდელი მშობელია, ვის მითითებებსაც ძიძა უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს, იმისდა მიუხედავად, ეწინააღმდეგება თუ არა კონკრეტული მეთოდი მის პირად გამოცდილებას. 
 
ფსიქოლოგ ანა ღლონტის თქმით, „ბავშვმა რეალობა არ უნდა დაკარგოს. ერთი პრობლემაა, როცა ძიძა ბავშვისგან აბსოლუტურად გაუცხოებულია და მოვალეობის შესრულებისას მხოლოდ მომავალ ხელფასზე ფიქრობს, ხოლო მეორე, როცა გახარებული ამბობს, დედას მეძახისო”. მისი აზრით, დისტანცია საჭიროა, ბავშვმა უნდა იცოდეს ვინ არის დედა და ვინ ძიძა. ღლონტის თქმით, ბავშვის მოვლის გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. „აუცილებელია ძიძა იყოს მომთმენი, რაც განსაკუთრებული უნარია და გამოცდილებასთან ერთად მოდის. ბავშვთან ურთიერთობისას უნდა გამოირიცხოს არა მხოლოდ ცემა, არამედ შიში, ყვირილი და დასჯის აბსურდული მეთოდები”. 
 
ძიძა, რომელსაც საკუთარი ფუნქცია კარგად აქვს გააზრებული, ბაზარზე იშვიათია – თუმცა დამქირავებელი, როგორც ჩანს, გონივრულად მოქმედებს და უპირატესობას მაინც გამოცდილებს ანიჭებს. ზოგს ამისთვის ახლობლების რეკომენდაცია ჰყოფნის, ზოგიც სააგენტოების გამოცდილებას ენდობა. თუმცა, როგორც წესი, განმსაზღვრელი ახლობლის რჩევაა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ წრეში ისინი საჭირო კადრს ვერ არჩევენ, იმედი უცრუვდებათ, ან უბრალოდ არ სურთ, რომ პარტნიორულ ურთიერთობაში ახლობლობამ ხელი შეუშალოთ – სააგენტოებს მიმართვენ. 
 
სააგენტო მერი პოპინსში ამბობენ, რომ მათ, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, სურთ, ურთიერთობა გამოცდილ ძიძებთან და არა ახალბედებთან ჰქონდეთ. ძიძობის კანდიდატმა ცნობარი უნდა შეავსოს, სადაც მშობელთა ძირითად კითხვებზე წინასწარ გასცემს პასუხს – ეროვნებიდან დაწყებული, სარწმუნოებით დამთავრებული. ამასთან, უნდა წარმოადგინონ პირადი მონაცემები, ჯანმრთელობის ცნობა და მასთან ერთად ფსიქიატრიული მონაცემებიც – რადგან ჯანმრთელობის ცნობის (ფორმა 100) დასკვნებს, ბევრი, საკმაოდ სამართლიანად, აღარ ენდობა. 
 
ძიძასთან გასაუბრებისას სააგენტო გვირჩევს, დაწვრილებით და მორიდების გარეშე გამოვიკითხოთ მისი გამოცდილება, ჯანმრთელობა და ის წვრილმანები, რომელმაც შესაძლოა, მომავალში ჩვენს ურთიერთობას ხელი შეუშალოს – მაგალითად, ეწევა თუ არა ძიძა სიგარეტს.  
 
ძიძების კიდევ ერთი სააგენტო, გადია, ოთხი წლის წინ შეიქმნა. გადიას ხელმძღვანელის თქმით, მისთვის „მთავარია ბავშვი იყოს აბსოლუტურად დაცული, ამიტომ პრევენციულ ზომებს წინასწარ ვიღებთ, აყვანა ხდება განსაკუთრებით მკაცრად შერჩეული მონაცემების შემდეგ. ძიძას 7 დღის მანძილზე ტრენინგი უტარდება, თეორიასა და პრაქტიკაში გადამზადდება და სერტიფიკატი ეძლევა”, – ამბობს ქალბატონი თამარი. ტრენინგს ბავშვთა ფსიქოლოგი და უფლებათა დამცველი, იურისტი და მართლმადიდებელი მოძღვარი ატარებს. მოძღვარი ცნობარში რელიგიათმცოდნედ იყო მითითებული, თუმცა რადგან მოთხოვნა მართლმადიდებელ ძიძაზეა, სააგენტოს არჩევანი ალოგიკურად არ გამოიყურება. ამასთან, სააგენტო აყვანამდე ძიძის წინა დამქირავებლების რეკომენდაციებსა და აზრებს ისმენს, ხოლო თავად ძიძის სახლში ქალბატონი თამარი ისე მიდის, რომ მასპინძლისთვის ვიზიტის დრო უცნობია. თუ ძიძა სანდოდ მიიჩნიეს, ის კატალოგში მოხვდება, სპეციალური ნომერი მიენიჭება და პოტენციურ დამქირავებლებს წარედგინება.
 
თუ მშობელი გადაწყვეტს ძიძა სააგენტოდან აიყვანოს, მას ჯერ კატალოგს აჩვენებენ, სადაც ძიძის ფოტოც არის დართული. სააგენტო რამდენიმე მათგანთან გასაუბრებას უზრუნველყოფს. თუ რომელიმეს მიმართ სიმპათიები გაჩნდა, ერთკვირიანი გამოსაცდელი ვადით აიყვანენ და საბოლოო სიტყვას ამ ვადის გასვლის შემდეგ იტყვიან. ძიძის მოწონების შემთხვევაში, ხელშეკრულება მშობელს, ძიძასა და სააგენტოს შორის ფორმდება – წვრილად იდება ყველა ის აუცილებელი პირობა, რომელსაც სააგენტო გთავაზობთ. რომელიმე მათგანის დარღვევის შემთხვევაში, თქვენ ძიძას ათავისუფლებთ და სურვილის შემთხვევაში, ახალი გასაუბრება ინიშნება. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ შემოთავაზებულ სერვისში საშუალო თანხა, 8-საათიანი სამუშაო დღისთვის, სამუშაო დღეების მანძილზე, 350 ლარია, ხოლო 6 დღისთვის – 400. ეს იგივე ანაზღაურებაა, რასაც ჩვეულებრივ საახლობლო წრეში ნაპოვნი ძიძები ითხოვენ.
 
რასაკვირველია, სააგენტოების მომსახურება, რომელიც ძირითადად აღწერილს ჰგავს, უამრავ პრობლემას ხსნის, აადვილებს ძიძის პირადი ცხოვრების გადამოწმებას. თუმცა, თუ მრავალი ძიძა გამოიცვალეთ და სასურველი მაინც ვერ აარჩიეთ, დიდი შანსია, რომ პრობლემა თქვენშია და არა აღმზრდელში. მეტი გარანტიებისთვის, დასავლელებმა, ძიძის კამერა მოიფიქრეს, რომელიც სათამაშოში, ჭოჭინაში ან ეტლში მაგრდება – გამომდინარე იქიდან, რომ უსაფრთხოების სრული გარანტია არავის აქვს, ეს გონივრულ არჩევნად მიიჩნევა

კომენტარები