გორგაძემ ბაშოზე მეორედ წააგო

ტოკიოში, მაისის ბაშოს მეთორმეტე საშეჯიბრო დღე დასრულდა. მაკუუჩი დივიზიონში მეორე მარცხი იწვნია ქართველმა რიკიშმა, დასავლეთის მეექვსე მაეგეშირა ტოჩინოშინიმ ლევან გორგაძემ. დღეს ის აღმოსავლეთის კომისუბის კაკურიუს შეხვდა და ვერაფერი მოუხერხა. ახლა გორგაძის ანგარიშზე 10 გამარჯვება და 2 მარცხია.

ამ მაჩვენებლით ტოჩინოშინი, ბარუტოსთან და კაისეისთან ერთად მხოლოდ იოკოძუნა ჰაკუჰოს ჩამორჩება. ეს უკანასკნელი, მიმდინარე შეჯიბრებაზე დაუმარცხებლად ასპარეზობს. დღეს მისი მსხვერპლი ოსური წარმოშობის არანი გახდა.

უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე კიდევ ერთმა ქართველმა, აღმოსავლეთის მეთოთხმეტე მაეგეშირა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუმ) მეხუთე შერკინების მოგება შეძლო. ამჯერად მისი მეტოქე, დასავლეთის მეცხრე მაეგეშირა, მონღოლი ასასეკიურიუ იყო. ამ გამარჯვების შემდეგ ქართველს 5 მოგება და 7 მარცხი დაუგროვდა. ტურნირის დადებითი ბალანსით  დასრულებისათვის, ჯუღელმა დარჩენილ სამივე შეხვედრაში უნდა გაიმარჯვოს. ამ გზაზე კი მისი უახლოესი მეტოქე, დასავლეთის მერვე მაეგეშირა შოტენროა, რომელსაც თავის მხრივ უკვე 9 წაგება აქვს და მხოლოდ სამჯერ მოახერხა წარმატების მიღწევა.

რანგით მეორე დივიზიონში, ჯუროში მოასპარეზე ლევან ცაგურიას (კოკაის) შეჯიბრების უარყოფითი ბალანსით დასრულება უკვე გარანტირებული აქვს. თუმცა დღევანდელ დაპირისპირებაში მაინც გაიმარჯვა - ამჯერად ჰოჩიამას აჯობა. მას ოთხ გამარჯვებასთან ერთად რვა წაგებაც აქვს. ხვალ მისი მოწინააღმდეგე მასუნოიამა იქნება.

ტოჩინოშინისათვის ხვალ მნიშვნელოვანი დღეა. მის შერკინებას სატურნირო თვალსაზრისითაც დიდი დატვირთვა აქვს. ლევან გორგაძის მოწინააღმდეგე მასავით ათმოგებიანი აღმოსავლეთის ოძეკი ბარუტო იქნება.

კომენტარები