პარიზელი ზეინკალი

ქართული ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ანტიამერიკული რიტორიკა გაააქტიურა. რევოლუციურად განწყობილი ქართული პარტია, 16 მაისს აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქციის მოწყობასაც აპირებს.  

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, თავს პარიზიდან გვახსენებს. მისი თქმით, 16 მაისის დემონსტრაციის  მიზანი  „სათავეში მისვლა” და „ონკანის გადაკეტვაა”. ონკანში ოქრუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გულისხმობს, საიდანაც, თურმე, „ის ნიაღვარი მოდის, რომლითაც იწამლება ქართული საზოგადოება”. მეტიც, მისი განცხადებით, თუ რუსები ტერიტორიებს გვართმევენ, ამერიკელებს ჩვენგან თავისუფლება მიაქვთ. 
 
აშშ-ის კრიტიკაში თანაგუნდელს მოგვიანებით მხარი ეროსი კიწმარიშვილმაც აუბა. მან განაცხადა, რომ მის პარტიას და ქართველ ხალხს, არანაირი სურვილი არ აქვთ, „ცეკას ინსტრუქტორები სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტრუქტორებით ჩანაცვლდნენ”.
 
ეს პოზიცია ოპოზიციონერთა მეორე ნაწილმა გააკრიტიკა. გასულმა კვირამ  ურთიერთთავდასხმებში ჩაიარა. ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ყოფილი მოკავშირეები (ალიანსი საქართველოსთვის) – რესპუბლიკელების ლიდერი, დავით უსუფაშვილი და აწ უკვე ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი, დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. უსუფაშვილმა ოქრუაშვილის განცხადება გააკრიტიკა და პარტიის პრორუსულ ორიენტაციას გაუსვა ხაზი. თავის მხრივ კი, სუბარმა განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების სამიტზე შემთხვევითი არ იყო – ალიანსს რუსეთიდან დაფინანსების მოლოდინი ჰქონდა. 
 
ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკა ქართულ ოპოზიციაში აქამდე მივიწყებული თემა იყო. ამ მხრივ 2008 წელი გამოირჩეოდა, როდესაც ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ბუშის ადმინისტრაციას საქართველოში „გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციასა” და „სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერაში” ადანაშაულებდა. 
 
მაშინ, აშშ-ის საელჩოსთან ორი საპროტესტო აქციაც გაიმართა. პირველი კობა დავითაშვილმა და ხალხის პარტიამ,  2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მოაწყო. ისინი აშშ-ის მხრიდან, მათი აზრით, „გაყალბებაზე თვალების დახუჭვას” აპროტესტებდნენ. მეორე აქცია უკვე რვა ოპოზიციურმა პარტიამ გამართა. ისინი მოითხოვდნენ, რომ ვაშინგტონს „არალეგიტიმური” პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ მიეღო. მაშინ ოპოზიციური კოალიციისა და ახლა ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ბუშის ადმინისტრაციას სთხოვდა, თავისი ქმედებით „ქართველი ხალხისთვის არ შეეძულებინათ ამერიკელი ხალხი”. 
 
ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონფრონტაცია საგაზაფხულო აქციების მორიგი სერიის დაწყებას ახლავს თან. კახეთში, 9 მაისს, ქართულმა პარტიამ ქუჩის აქციების მორიგი სერია წამოიწყო. სტრატეგიასთან ერთად, მიზანიც უცვლელია – სააკაშვილის რეჟიმის „უსწრაფესად” შეცვლა. ისინი აქციების გაგრძელებას სხვა რეგიონებშიც, ხოლო დასრულებას თბილისში აპირებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაცით, კახეთის სხვადასხვა რაიონში აქციებს ათასამდე ადამიანი დაესწრო. მათი ნახევარი თბილისიდან ჩავიდა. თავად პარტიის წარმომადგენლები რამდენიმე ათასს ასახელებენ.
სუბარი-გაჩეჩილაძე-კიწმარიშვილი-ოქრუაშვილის ქართულმა პარტიამ საპროტესტო დემონსტრაციების დაწყება, დაპირისპირებულ, მაგრამ მათ მსგავსად  რევოლუციურად განწყობილ მეორე ოპოზიციურ ფრთას, სახალხო კრებას დაასწრო. ბურჯანაძემ და კამპანიამ, საპროტესტო აქციების დაწყება, 21 მაისისთვის დათქვა. ამ დროისთვის, შესაძლოა, ორივე პარტიის აქციები პარალელურად წარიმართოს.
 
ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი აქციებისაგან თავს შორს იჭერს. ისინი, პირობითად, ორ ჯგუფს შეიძლება მივაკუთვნოთ – ერთი ნაწილი საარჩევნო გარემოს შესაცვლელ მოლაპარაკებებშია ჩართული. მეორე, მცირე ნაწილი, კი მერყეობს და ვერ გადაუწყვეტია, რომელ მხარეს დადგეს. 

კომენტარები