ლენდლის პლედი

როლან გაროსთვის ენდი მარეის ივან ლენდლი მოამზადებს. თუ ნელ საფარზე სქოთი ოთხთა ფინალამდე მივა, ლენდლი უიმბლდონზეც მარეისთან ერთად ჩავა. თანამშრომლობის ხანგრძლივობა ენდის ჩოგბურთის ხარისხით განისაზღვრება. ენდის რომელიმე მეიჯორის მოგებით ორმაგი ჯეკპოტის მოხსნა შეუძლია. გახდება დიდი ტურნირის ჩემპიონი და მომავალში, ჩოგბურთის პროფესორისგან (ფასიან) რჩევებს მიიღებს. 

 
მარეიმ მშვენივრად დაიწყო სეზონი და ეგრევე ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი  მოარტყა. იქ ენდი ისევ დაიბნა, გაუკვირდა, რომ ფინალამდე მივიდა და ნოვაკ ჯოკოვიჩთან სამ სეტში ცხრა გეიმი აიღო. ჯოკოვიჩმა 18 გეიმი და ტურნირის მთავარი პრიზი დაიტოვა. 
როტერდამი. მარეი პირველ წრეში ოთხჯერ კარგავს საკუთარ მოწოდებას და აგებს მარკოს ბაღდატისთან (იმ მომენტში, რეიტინგში მეოცე ჩოგანთან) 4:6, 1:6.
 
ინდიან უელსი. ამერიკელი დონალდ იანგი (143) ბაღდატისთან შედარებით, მოყვარულია და მარეისთან შედარებით – ჭოკით მხტომელი. ამერიკელი ბუბკა ენდის 7:6, 6:3 გადაახტა.
 
მაიამი. ალექს ბოგომოლოვმა მარეის პირველივე წრეში აუბნია თავგზა და 6:1, 7:5 აჯობა. ბოგომოლოვი რეიტინგში 113-ე იყო. 
მონტე-კარლოს მასტერსზე მარეის ჩააკითხა ლენდლმა. გრუნტზე ენდიმ ნაკლები შეცდომა დაუშვა, უფრო აგრესიული იყო და მოსაგები მოიგო. მარეი სეტის წაუგებლად გადის ნადალზე და სამ სეტში აგებს. 
მარეი: „ივანი მშვიდი, ჭკვიანი კაცია. მომესალმა, ინდურ რესტორანში გემრიელი კერძი გამასინჯა და მირჩია, ენდი, არ ინერვიულო და ეცადე, რომ შენი სიმშვიდით სხვა ანერვიულდესო. მეტი არაფერი უთქვამს. ივანის მეგობრები მაიამიში იკრიბებოდნენ და ლენდლი ფლორიდაში გადაფრინდა”.
 
მარეი 24 წლის ხდება. ერთეულებში მოგებული აქვს 16 ტურნირი. ერთეულებში წაგებული აქვს დიდი სლემის სამი ფინალი.
ივან ლენდლი 24 წლის რომ გახდა, როლან გარო მოიგო. მანამდე ჩეხ ფენომენს დიდი სლემის ოთხი ფინალი ჰქონდა წაგებული. 
ლენდლი ზედა ეშელონის იმპერატორი იყო.
მარეის ზედა ეშელონამდე მარეი არ უშვებს. ენდი საკუთარ თავს ვერ უგებს და სხვებთან, ფინალებზე უკვე წაგებული გადის. ლენდლმა ეს უნდა შეცვალოს. თუ მარეი მოინდომებს, ლენდლთან ერთად ბევრს მოიგებს. ზარმაც, დაბნეულ და უმოტივაციო ენდის ლენდლიც ვერ დაალაგებს. 
 
გრუნტზე მარეი კატასტროფაა. 16 საბონუსო ტურნირიდან, ენდიმ 14 ფინალი ჰარდზე მოიგო, თითოჯერ ბალახზე და ხალიჩაზე მოაგვარა ყველაფერი. ნელ საფარზე მარეის ფინალი ჯერ არ უთამაშია. 
 
როლან გარო ნადალის ტურნირია. როლან გაროზე ნოვაკ ჯოკოვიჩიც მაღალფსონიანი პერსონაა. როლან გაროზე ჩავა როჯერ ფედერერი, რომელსაც ამ სეზონში პირველი ათეულის წევრთან ჯერ არ მოუგია. როლან გაროსთვის ფერზე მოვა ხუან მარტინ დელ პოტრო. ცონგა, ბერდიხი, სოდერლინგი, ესპანელები და სხვა ნიჭიერი მაზოხისტებიც იწვალებენ. როლან გაროზე მარეიც ჩავა.
 
ენდი პარიზში ლენდლთან ერთად იქნება. ლენდლმა პარიზში სამჯერ მოიგო ფინალი. ლენდლი პარიზში პირველი იყო. 
მარეის პირველად პირველი დაეხმარება. 
 

კომენტარები