ჯონ ბასი ”ქართულ პარტიას” გამოეხმაურა

”ქართული პარტიის” მიერ 16 მაისს აშშ-ს საელჩოსთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას დღეს აშშ-ს ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი გამოეხმაურა.  მისი თქმით, ”სიტყვის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ძირითადი ქვაკუთხედი, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოება.” ელჩმა აღნიშნა, რომ  აშშ ”დიდი პატივისცემით” ეკიდება ამ თავისუფლების გამოხატვას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა გაცხადებულ მიზნებსა და ამოცანებს.  ბასის თქმით, აშშ-ს საელჩოსთან შეკრებებისა და საპროტესტო აქცების შემთხვევები ადრეც ყოფილა და „შესაძლოა ეს არ იყოს ბოლო შეკრება.”

სამშაბათს ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში ”ქართული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ „თუ რუსეთი ტერიტორიებს გვართმევს, აშშ გვართმევს თავისუფლებას და [სააკაშვილის] რეჟიმის მხარდაჭერით ასამარებს დემოკარატიას საქართველოში.“  მან თბილისის მოსახლეობას და ოპოზიციურ პარტიებს 16 მაისს აშშ-ს საელჩოსთან საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

ოქრუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ თუ ”დროზე არ მოეგებიან გონს” და არ გაიზიარებენ მის პოზიციას, საქართველოში დაბრუნდება და „არავის დაინდობს“. ”ქართული პარტიის” ლიდერის გამოსვლა ოპოზიციის წარმომადგენლებმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მკაცრად გააკრიტიკეს.

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ ოქრუაშვილის განცხადებებს ”საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული” გამოსვლა უწოდა და მისი პარტია თალიბანს შეადარა.  „დარტყმა საქართველოს უმთავრეს პატრნიორზე, რომელიც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მხრადამჭერი და დამხმარეა  და თალიბანივით აშშ-ს საელჩოსთან აქციების მოწყობა, ქვეყნის ინტერესებზე დარტყმას ნიშნავს,“ აღნიშნა მან. 

კომენტარები