Amnesty International-ი საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ერთი თავი საქართველოში არსებულ მდგომარეობას ეთმობა. ანგარიშის ავტორები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტების გამოძიების კუთხით ”მნიშვნელოვანი პროგრესი” არ შეიმჩნევა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სექტემბერში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში  საუბარია ”სერიოზულ ნაკლოვანებებზე” ომის შემდეგ უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების ბედის დადგენის საქმეში. Amnesty International-ი წერს, რომ ევროსაბჭომ ამ საკითხში კონფლიქტის ყველა მხარე გააკრიტიკა. ”ევროსაბჭოს ანგარიშში გაკრიტიკებულია ის, რომ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა ვერ შეძლეს ეფექტურად გამოეძიებინათ 2008 წლის ოქტომბერში საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაუჩინარებული სამი ოსი მაცხოვრებლის ბედი,” ვკითხულობთ Amnesty International-ის ანგარიშში.

აქვე მითითებულია რომ გასული წლის 26 ივლისს ცნობილ ჟურნალისტს და სამოქალაქო აქტივისტს, თემურ ცხოვრებოვს ცხინვალში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ”ინციდენტამდე ოთხი დღით ადრე, დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ბორის ჩოჩიევმა ცხოვრებოვი მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის ნიდერლანდებში ქართულ-ოსურ სამოქალაქო ფორუმს დაესწრო. ამ თავდასხმასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება,” წერია ანგარიშში. დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა გალის რეგიონში კვლავ განიცდის შევიწროვებისა და ცხოვრობს საფრთხის პირობებში.

Amnesty International-ის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზეც. დოკუმენტის ავტორების თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით - გაარემონტა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფი სახლები და დაუკანონა მათ საცხოვრებელი ფართები. ”თუმცა, ზოგიერთი განახლებული კოლექტიური ცენტრი და ახლადაშენებული დასახლება არ პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს,” წერია ანგარიშში ”დაახლოებით 500 იძულებით გადაადგილებული პირი იძულებით გამოასახლეს ივნისში, ივლისსა და აგვისტოში. გამოსახლება საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით მოხდა. რამდენიმე შემთხვევაში, კი ოფიციალურმა პირებმა ვერ შეძლეს ადამიანებისთვის ალტერნატიური თავშესაფრის ან კომპენსაციის შეთავაზება.”

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სექტემბერში წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა საქართველოში პოლიციის მიერ  წინასწარი დაკავების დროს მოქალაქეთა მიმართ ცუდად მოპყრობის კუთხით გარკვეული პროგრესი შენიშნა. თუმცა, აქვე მითითებულია, რომ კვლავ რჩება შეშფოთების მიზეზი დაკავების დროს და პოლიციის შენობებში ეჭვმიტანილთა მიმართ ცუდად მოპყრობის გამო. ”რამდენიმე  ადამიანის უფლებათა დამცველმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა სექტემბერში მიღებული ახალი კანონის გამო ჩხრეკის შესახებ. მათი თქმით, კანონში არ არის მითითებული თუ კონკრეტულად რა შემთხვევებში შეუძლია პოლიციას ამ კანონის გამოყენება, ” ვკითხულობთ ანგარიშში.

Amnesty International-ი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ ჩაუტარებია ”ეფექტური გამოძიება” პოლიციის იმ ოფიცრების პასუხისგებაში მისაცემად, რომლებმაც, გადმოცემით, 2009 წლის 6 მაისს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ”არ გამოქვეყნებულა შსს-ს შიდა გამოძიების დეტალები 2009 წლის 15 ივნისს თბილისის პოლიციის მთავარ შენობასთან პოლიციელების მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დაშლასთან დაკავშირებით,” წერია ანგარიშში.

დოკუმენტის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ქალებსა და გოგონებზე ძალადობის ფაქტებზეც. ანგარიშში მითითებულია, რომ თბილისსა და გორში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პირველი თავშესაფრები გაიხსნა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის, ხოლო 2010 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ. კანონის მიზანია დასაქმების, განათლების, ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების და ოჯახური ურთიერთობების დროს გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრა, წერია ანგარიშში. 

კომენტარები