მოსკოვის მტკიცებით უმაროვი საქართველოშია

რუსეთის სპეცსამსახურები დარწმუნებულები არიან, რომ თვითგამოცდებული ”კავკასიის იმამატის” ლიდერი, დოკუ უმაროვი ცოცხალია და საქართველოს აფარებს თავს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა. რუსული გამოცემის  ცნობით,  რუსეთის უშიშროების სამსახურში  მიიჩნევენ, რომ  უმაროვი, რომელიც 29 მარტს სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, პანკისის ხეობაში იმყოფება. „პანკისის ხეობაში არსებობს ბოევიკების ჰოსპიტალები, სადაც ისინი მკურნალობენ და რეაბილიტაციას გადიან. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ჰოსპიტალშია დოკუ უმაროვი“ ციტირებს გაზეთი ანონიმურ წყაროს.

რუსული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლების აზრით, დოკუ უმაროვი საქართველოში კი არა, თურქთშია. ისინი აცხადებენ,  რომ  დოკუ უმაროვი სტამბოლში, საკუთარი ძმის,  ვახა უმაროვის სახლში იმყოფება. თუმცა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინგუშეთში, დმიტრი მალოვმა განაცხადა, რომ  უმაროვი თურქეთში არ არის. მისი თქმით, ამ შემთხვევაში უმაროვი  აუცილებლად მოხვდებოდა თურქული სპეცსამსხურების ყურადღების ცენტრში და მას დააპატიმრებდნენ. 

დოკუ უმაროვის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დღესვე საქართველოს საგარეო საქმთა მინისტრმა გააკეთა კომენტარი. მან ჟურნალისტებს ურჩია, რომ როდესაც რუსული მედია საქართველოში ჩრდილოკავკასიელი ტერორისტების ყოფნის შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს, კომენტარისთვის ოფიციალურ პირებს კი არა, ფსიქიატრებს მიმართონ.  „ეს ფსიქიატრიის სფეროა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ამაზე კომენტარს არ გააკეთებს,” აღნიშნა მინისტრმა. 

კომენტარები