10 კითხვა რეზი არველაძეს

თქვენს მშობლებს რა პროფესიის უნდოდათ, რომ გამოსულიყავით?

პროფესიით ორივე ექიმია. თავიდან ალბათ უნდოდათ, ექიმი გამოვსულიყავი, თუმცა პოზიცია რადიკალური არასდროს ყოფილა – რაშიც მაგარი იქნები, ის გამოდიო. რაღაც ეტაპზე დედაჩემი მიხვდა, რომ ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მამა თავად თამაშობდა ფეხბურთს. 
 
მესი თუ მარადონა?
 
კიდევ კარგი, სხვადასხვა ეპოქაში თამაშობდნენ, თორემ გამიჭირდებოდა პასუხი. ასე რომ, ჯერ მარადონა, მერე მესი. ორივეზე ჭკუას ვკარგავ. თან ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ორივე მემარცხენეა, სწრაფი, დაბალი, გრაციოზული... მაგათი გაფუჭებული ბურთი სხვის შეგდებულს მირჩევნია.
 
მატჩების ბოლოს მაისურების გაცვლის ტრადიციიდან შემონახული მაისურებიდან რომელია თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
 
ის მაისურებია ძვირფასი, რაც არ გავცვალე: საქართველოს ნაკრების მაისური და ის, რომელიც შოთის გაცილებაზე მეცვა. ისე, ცნობილ ფეხბურთელებთან გამიცვლია, ნესტასთან, ბასლერთან... ზოგი გავაჩუქე, ზოგი შენახული მაქვს. 
 
იყო რაიმე განსაკუთრებული ნივთი ან რიტუალი, რის გარეშეც არასდროს გახვიდოდით მოედანზე?
 
რაღაც პერიოდი ასეთი ნივთი ტეიპი იყო – ნატკენ კოჭზე იკეთებენ ფეხბურთელები. მიყვარდა ქრისტიანულად პირჯვრის გადაწერა, რომ ჯანმრთელად და გამარჯვებით დამთავრებულიყო თამაში. 
 
რითი არჩევდით აჩის და შოთის მოედანზე, ნომრების გარდა?
 
თამაშის მანერით, ხასიათით. სხვადასხვა ხალხია მაინც ეგენი ☺
 
შოთას წიგნის გარდა, რომელია თქვენი საყვარელი ნაწარმოები? ☺
 
„შვლის ნუკრის ნაამბობი”, „დედაენა”, „კაცია – ადამიანი?!” 
 
თქვენ მიერ გატანილი რომელი გოლი იყო თქვენთვის ყველაზე ემოციური?
 
ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ ნაკრებში გატანილი პირველი გოლი იყო, ნიგერიასთან 1:0-ს ვიგებდით. კიდევ უეფას საკვალიფიკაციოზე ავსტრიის ინზბრუკის ტიროლთან გატანილი გოლი დამამახსოვრდა და პირველი გოლი, რომელიც კიოლნში გადასვლისას გავიტანე.
 
ვინი ჯონსისა და ერიკ კანტონასავით კინოში რომ გადაინაცვლოთ, რომელი ცნობილი რეჟისორის ფილმში ითამაშებდით?  
 
ტარანტინო, სკორსეზე... თუ ვითამაშებდი, ეგეც არ ვიცი, ბოლო დროს აღარ მხიბლავს მსგავსი რამეები. ისე, ვინმე კაი კაცის როლს ვითამაშებდი ჯიგრულ, ქართულ კინოში. აი, „თხუნელაში” ვითამაშებდი მძღოლის როლს.
 
ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეთ და სამი სურვილის უფლება, როგორ გამოიყენებდით ამას ქართული ფეხბურთისთვის?
 
მსოფლიო ჩემპიონატზე მოვახვედრებდი საქართველოს ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზეც მოვახვედრებდი და ძალიან მაღალ ანაზღაურებადს გავხდიდი ქართულ კლუბებს, რომ ბიჭებს უფრო გულიანად, ვაჟკაცურად ეთამაშათ, სკოლის მერე ჰქონოდათ მყარი ადგილი, სადაც შეძლებდნენ წასვლას... ეს საზოგადოებას ბევრად ხალისიანს გახდიდა და ჩართავდა საფეხბურთო ამბებში. 
 
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
 
რამდენად სწორი გადაწყვეტილებები მივიღე საფეხბურთო კარიერის დროს?
 

კომენტარები