ლიტვა გორბაჩოვის დაკითხვას მოითხოვს

 ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის მთავარ პროკურატურას მიმართა თხოვნით, დაკითხოს  საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, მიხაილ გორბაჩოვი. საქმე ეხება  1991 წლის 13 იანვარს ვილნიუსის ტელეცენტრში მომხდარ მოვლენებს. ლიტვის გენპროკურატურის პრესმდივანმა, ვილმა ბუდენენემ სააგენტო BNS-თან საუბრისას განაცხადა, რომ ლიტვა გორბაჩოვის მოწმის სტატუსით დაკითხვას ითხოვს.

1991 წლის 13 იანვარს ლიტვაში საბჭოთა ჯარები შევიდნენ. მათ სპეცრაზმის მიერ დაკავებული ტელეცენტრის შენობა, ხოლო მოგვიანებით, რადიოკომიტეტისა და ტელეგრაფის შენობები შტურმით აიღეს.  ოპერცაციის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.  

ვილნიუსის ტელეცენტრის საქმეში სულ 23 ეჭვმიტანილია. მათგან 21 რუსეთის მოქალაქეა, ორი კი - ბელორუსის. ლიტვის გენპროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ შარშან ტელეცენტრის საქმე გადაკვალიფიცირდა და მასზე ხანდაზმულობის ვადა აღარ გავრცელდება.

გასულ იანვარს ლიტვის თავადაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვილნიუსი მოსკოვისგან 1991 წლის 13 იანვარს დაღუპული ადამიანების გამო კომპენსაციას ელოდება. „გაკვირვებული ვარ, რომ რუსეთის ოფიციალური პირები არასოდეს ამბობენ, რომ ამ მოვლენებში დამნაშავე პირები  უნდა წარსდგნენ სასამართლოს წინაშე. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ მივაღწიოთ რუსეთის დახმარებას დამნაშავეების დაკავების საქმეში, რათა სამართლიანობამ იზეიმოს,” განაცხადა მინისტრმა.  

11 მაისს ვილნიუსის საოლქო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა რიგის ომონის ყოფილ  წევრს, კონსტანტინე მიხაილოვს. მას ბრალი ედება 1991 წლის ივლისში მიადინინკაში, ლიტვისა და ბელორუსის საზღვარზე ლიტველი თანამდებობის პირების მკვლელობაში.

1991 წლის 31 ივლისს   ლიტვის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებამ მოსკოვსა და ვილნიუსს შორის ურთიერთობები გაამწვავა.  იმ დღესვე ლიტვისა და ბელორუსის საზღვარზე მოკლეს მორიგეობაზე მყოფი ორი მებაჟე, სპეცდანიშნულების ჯგუფის ორი   წევრი და საგზაო პოლიციის სამი თანამშრომელი.

ლიტვის პროკურატურამ დაადგინა, რომ დანაშაული  რიგის ომონის სამმა წევრმა -  მიხაილოვმა, ლაკტინოვმა და რიჟოვმა, მათი მეთაურის, მლინიკის ბრძანებით ჩაიდინეს. მიხალიოვი 2007 წელს ლატვიაში დააკავეს და ლიტვას გადასცეს. სხვა ეჭვმიტანილების გადაცემაზე რუსეთი დღემდე უარს აცხადებს. 

კომენტარები