24-საათიანი თამაში

“24-საათიანი ფესტივალის” ორგანიზების იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც რუსთაველის თეატრში “ეიფორიაზე” მუშაობა დაასრულეს და წარმოდგენის პრემიერამაც ჩაიარა. ქოლინ ჰოვდეს (რეჟისორი), ლი ოგასთ პრეილის (დრამატურგი) და ნინო მაღლაკელიძის (სცენოგრაფი, მენეჯერი) მორიგ ინიციატივას მხარი კვლავ რუსთაველის თეატრმა და ამერიკის საელჩომ დაუჭირა. მათ მიერ გადაგდებულ ანკესზე ოთხი დრამატურგი და ოთხი რეჟისორი საკუთარი სურვილით წამოეგო. მოგვიანებით, პროექტში რუსთაველის თეატრის მსახიობები და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ. “24-საათიანი ფესტივალის” ფარგლებში, 12 საათში ოთხ ახალგაზრდა დრამატურგს: დათო გაბუნიას, გიგი გულედანს, ნინო სურამელაშვილს და ალექსი ჩიღვინაძეს უნდა დაეწერათ პიესები, რომლებზეც მომდევნო 12 საათის განმავლობაში რეჟისორები, რობერტ სტურუას სამაგისტრო ჯგუფის წარმომადგენლები – პაატა ციკოლია, იოსებ ბაკურაძე, ლევან ხვიჩია და გოგა მაისურაძე – იმუშავებდნენ.  

“მიუხედავად იმისა, რომ ერთ დღეში სამყარო ღმერთსაც კი არ შეუქმნია, ქართველებს მაინც ყველაფრის ერთ დღეში გაკეთება გვიყვარს და მეც, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი, ასეთი “უწესო” ვარ. შემოთავაზება საინტერესო აღმოჩნდა თუნდაც იმიტომ, რომ აქამდე რაიმეს 12 საათში დადგმის გამოცდილება არ მქონია”, – გვითხრა იოსებ ბაკურაძემ. ეს მაშინ, როცა რუსთაველის თეატრის პიარსამსახურის ოთახში შეკრებილ დრამატურგებს ახალი პიესების შექმნაზე მუშაობა დაწყებულიც არ ჰქონდათ. იმავე დროს გავესაუბრეთ დათო გაბუნიასაც, რომელმაც მოკლედ აღნიშნა: „ასეთ ინიციატივებს მეტისმეტი სერიოზულობით არავინ უდგება. ეს თამაშია და შენც უნდა ითამაშო”. საქმე გაცილებით მარტივად იყო დრამატურგებთან, რადგან მათ დასაწერი პიესის მოკლე მონახაზი მაინც ექნებოდათ 24-საათიანი მარათონის დაწყებამდე. თუმცა ასეთ ფორმატში ჩატევა მაინც რთული აღმოჩნდა. რეჟისორებს მოკლე ხანში უნდა წაეკითხათ, გაეაზრებინათ და დაედგათ პიესები, რომლებიც საკუთარი სურვილით არ აურჩევიათ და მეორეც – ტექსტის ხანგრძლივობა 10-15 წუთზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.  
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
“24-საათიანი ფესტივალის” დასაწყისი
 
ვერაფერს გეტყვით დადგმულ წარმოდგენებსა და მის ხარისხზე, მაგრამ თითოეული მონაწილის შესაძლებლობები ნამდვილად გამოჩნდა, როდესაც მაყურებელს ფესტივალის ფორმატში შექმნილი პიესების ექსპერიმენტულ სცენაზე ნახვის საშუალება მიეცა. ნინო სურამელაშვილისა და ალექს ჩიღვინაძის პიესები შედარებით დასრულებულ ფორმაში მოაქციეს რეჟისორებმა – პაატა ციკოლიამ და ლევან ხვიჩიამ. თუ ხვიჩიამ დადგმა სურათებად ააგო და პიესის საინტერესოდ წარმოჩენა შეძლო, პაატა ციკოლიამ ნინო სურამელაშვილის ტექსტის წინა პლანზე წამოწევას შეუწყო ხელი. სცენის სიღრმეში განთავსებული გრძელი სკამით შექმნილ კომპოზიციაში თავადაც ჩაეწერა და ორი ქალის ხასიათის წარმოჩენა, რუსთაველის თეატრის მსახიობებს, ქეთი ხიტირსა და მარიკა ჭიჭინაძეს ანდო. უფროსი თაობის წარმომადგენელმა პერსონაჟის სახე ოსტატურად შექმნა, რასაც ვერ ვიტყვით იმ მსახიობთა დასზე, რომლებიც გოგა მაისურაძის მიერ დავით გაბუნიას “ლავინიას ყურების” მიხედვით განხორციელებულ დადგმაში მონაწილეობდნენ. მათთან ფესტივალის ამოცანის სირთულე – დროის სიმცირე, ხაზგასმით გამოჩნდა. გიგი გულედანის “მედია-გეგმას” კი, რომლის გაცოცხლებაზეც იოსებ ბაკურაძემ იზრუნა, ვერაფრით გამოვარჩევთ. პიესის ტექსტმა მსახიობების მეტყველების „წყალობით” მაყურებლამდე ვერ მიაღწია, რეჟისორმაც მასალის მხოლოდ ილუსტრირება მოახდინა და ორიგინალური გადაწყვეტა ვერ მოახერხა. ასეთი ექსპერიმენტები უდავოდ საინტერესოა. თუმცა შეძლო თუ არა „24-საათიანმა ფესტივალმა” რთული ამოცანის გადაჭრა, ეს უკვე ცალკე თემაა. 
 

კომენტარები