Microsoft-ი Skype-ს ყიდულობს - Facebook-ი მოგებულია

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/skype.png##fbimage#
კომპანია Microsoft-მა დაადასტურა, რომ ინტერნეტ სატელეფონო სერვის Skype-ს 8.5 მილიარდ დოლარად შეიძენს. ”Skype-ი ფენომენალური სერვისია, რომელიც მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს მოსწონს,” განაცხადა Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა ჟურნალისტებთან საუბრისას ”ერთად ჩვენ შევქმნით ახალ კომუნიკაციებს რეალურ დროში, რომ ადამიანებმა ადვილად შეძლონ კონტაქტი ოჯახთან, მეგობრებთან, კლიენტებთან და კოლეგებთან მსოფლიოს მასშტაბით,” დასძინა მან.

ანალიტიკოსების აზრით, Skype-ის ყიდვით Microsoft-ი ვიდეო კონფერენციის სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ეს Microsoft-ის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. Skype-ს მსოფლიოს მასშტაბით 663 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. 2006 წელს ინტერნეტ აუქციონის სახლმა eBay-მ Skype-ი 2.6 მილიარდ დოლარად შეიძინა, ხოლო 2009 წელს კომპანიის 70 პროცენტი 2 მილიარდ დოლარად გაყიდა და Skype-ის აქციათა უდიდესი ნაწილი ინვესტორთა ჯგუფის ხელში გადავიდა.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ Microsoft-მა Skype-ის შესაძენად ”ძალიან ძვირი” გადაიხადა.  ”არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი პასუხგაუცემელი კითხვა: რა სარგებლობას მოუტანს Skype-ი Microsoft-ს? რითი გაამართლებენ ასეთი ფასის გადახდას?” აცხადებს კვლევითი ჯგუფის, CCS Insight-ის ხელმძღვანელი, ბენ ვუდსი.

ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, ამ გარიგების მთავარი გამარჯვებული  სოციალური ქსელი Facebook-ია. ”ის ორმაგად მოგებულია - მას ექნება წვდომა Skype-ის სერვისებზე (რადგან Microsoft-ი Facebook-ის ინვესტორია). Facebook-მა ასევე მიაღწია იმას, რომ Skype-ი Google-სთვის არ იქნება ხელმისაწვდომი,” ვკითხულობთ bigthink.com-ზე გამოქვეყნებულ მასალაში. 

კომენტარები