ქაიროში რელიგიურ ნიადაგზე შეტაკება მოხდა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/egvipteee.png##fbimage#
ეგვიპტის ხელისუფლებამ მკაცრად გააფრთხილა ისინი, ვინც ”ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.” იუსტიციის მინისტრმა, აბდელ აზიზ ალ გინდიმ სპეციალური განცხადება  ეგვიპტის დედაქალაქში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გააკეთა. კვირას ქაიროში მუსლიმებსა და კოპტ ქრისტიანებს შორის შეტაკებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, ორასამდე კი დაიჭრა.
  
სამართალდამცველებმა ინციდენტის დროს 190 პირი დააკავეს. იუსტიციის მინისტრის თქმით, ყველა მათგანი სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარსდგება. მისი თქმით, ასეთ ზომას ხელისუფლებამ ქვეყანაში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებების აღმოფხვრის მიზნით მიმართა. “ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს დაუყოვნებლივ მიიღოს კანონები, რომლებიც ღვთისმსახურების აღსრულების ადგილებსა და აღმსარებლობის თავისუფლებაზე თავდასხმას სისხლის სამართლის დანაშაულს გაუთანაბრებს,” განაცხადა ეგვიპტის იუსტიციის მინისტრმა. ამ შემთხვევაში, კანონდამრღვევები, შესაძლოა, სიკვდილითაც კი დასაჯონ.

ქაიროში კვირას მომხდარი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ასეული მუსლიმი კოპტურ ეკლესიასთან შეიკრიბა. ისინი აცხადებდნენ, რომ ამ ეკლესიაში ძალის გამოყენებით ჰყავდათ დაკავებული ქრისტიანი ქალი, რომელმაც მუსლიმ მამაკაცზე გათხოვების შემდეგ ისლამის მიღება გადაწყვიტა.  უცხოური მედიის ცნობით, თავად ქალმა ეს კატეგორიულად უარყო.

გასულ თვეს ადამიანის უფლებათა დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ეგვიპტელი კოპტი ქრისტიანები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ. კოპტების თქმით, რადიკალი მუსლიმები ეგვიპტეში პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომის შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდნენ. „კოპტი ქრისტიანები ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა დატოვონ ეგვიპტე, რადგან დარჩენის შემთხვევაში დიდი რისკის წინაშე დგანან,“ აღნიშნა ნაგუიბ გაბრიელმა, კოპტების უფლებათა დამცველმა აქტივისტმა „ბევრი მათგანი შეშფოთებულია საკუთარი მომავლის გამო, მათ ფანატიკოსი მუსლიმების ეშინიათ,“ დასძინა მან.

კომენტარები