თბილისი ეკლექტიკური ქალაქია, რომელსაც კულტურათა სინთეზი, ტრადიციულობასა და თანამედროვეობას შორის არსებული სუსტი ზღვარი, განსაკუთრებულ ინდივიდუალიზმს ანიჭებს, რაც თავისთავად, ქალაქის მულტიკულტურულობასაც უსვამს ხაზს.
წლევანდელი თბილისის ფოტოფესტივალი, 25-დან 31 მაისამდე, ევროპული კვირის ფარგლებში, უკვე მეორედ გაიმართება. მისი ორგანიზატორები ამჯერადაც თბილისის ევროპის სახლი და ფოტოგრაფიის სახლია. იქიდან გამომდინარე, რომ გასულ წელს პროექტმა საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა, ორგანიზატორებმა მისი გაფართოება და რაც მთავარია, ფოტოფესტივალისთვის ყოველწლიური სახის მიცემა გადაწყვიტეს. ფესტივალს, რომელიც საქართველოსა და ამიერკავკასიის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, წელსაც არაერთი სტუმარი ეწვევა: აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან და რუსეთიდან.
წლევანდელი ფოტოფესტივალის მთავარი თემა კავკასიაა – სხვადასხვა სამყაროების შეხვედრის ადგილი. ფოტოსააგენტო მაგნუმის ცნობილი ფოტოგრაფი, თომას დვორჟაკი წარმოგვიდგენს თავისი ნამუშევრების პირველ დასრულებულ გამოფენას კავკასიის თემაზე – „1993 წლის გაზაფხულზე გადავწყვიტე რამდენიმე თვით თბილისში მეცხოვრა, სანამ უნივერსიტეტში დავბრუნდებოდი. მაშინ იყო, კავკასიური კულტურები რომ აღმოვაჩინე. სტუმართმოყვარეობა, ენების მშვენიერება, ცვლილების დაუჯერებელი სისწრაფე პოსტსაბჭოთა პერიოდში, ომი და კონფლიქტი, გაბედულება და ულმობლობა”, – იხსენებს ავტორი და დამთვალიერებელს, სწორედ ამ თემაზე შექმნილ 80 შავ-თეთრ ფოტოს წარუდგენს.
„საქართველო თანამედროვეობის გზაგასაყარზე – მე-19 საუკუნის ერმაკოვის კოლექცია” უფრო ადრინდელ კავკასიას გააცოცხლებს. ეროვნულ მუზეუმში გამოფენილი იქნება სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მშენებლობის, თბილისის გოგირდის აბანოების, ქართველი არისტოკრატების პორტრეტების, მთიანი პეიზაჟების ამსახველი ფოტოები დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან.
„ცვლილებები” – რევოლუციების თემას ეძღვნება და კაიროს, ბელგრადის, ტუნისის, თბილისის, კიევის ცნობილ ამბებს ასახავს. გამოფენის სტუმრები ის ფოტოგრაფები არიან, რომლებმაც ეს მოვლენები თავად ასახეს ფირზე: თომას დვორჟაკი, გიიომ ბინე, იური კოზირევი, ჟულიან დანიელი და სხვა.
„საქართველო – ახალი თაობა” წარმოგვიდგენს უკვე კარგად ნაცნობი ქართველი ფოტოგრაფების: იური მეჩითოვის, შალვა ალხანაიძის, მარიკა ასათიანის, დავით მესხის და სხვათა ნამუშევრებს.
28 მაისს, ძველ თბილისში, ღია ცის ქვეშ, ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება იგეგმება – ფოტოგრაფიის ღამე, რომელიც არლის ფოტოგრაფიის ფესტივალის პროგრამის – La Nuit de l'Année – კავკასიური ვერსიაა. „ათ ეკრანზე, რომლებიც ინსტალირებულია სხვადასხვა ადგილებზე, აბანოთუბნიდან გუდიაშვილის ბაღამდე, მთელი ღამის განმავლობაში ფოტოების ჩვენება გაიმართება. ეს არის მსოფლიოს საუკეთესო სააგენტოების, კოლექტივების, პერიოდული გამოცემების, ასევე რეგიონის ახალგაზრდა ხელოვანთა ფოტოპროდუქცია, რომელიც აჩვენებს თანამედროვე სამყაროს. შარშანდელ ფოტოფესტივალს დაახლოებით ოცი ათასამდე მაყურებელი დაესწრო. ვფიქრობ, ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რა დიდია დღეს საქართველოში ფოტოგრაფიისადმი ინტერესი”, – აღნიშნა პროექტის ორგანიზატორმა ნესტან ნიჟარაძემ.
ფესტივალის ბოლო დღეს, მაგნუმის მიერ დაწესებული პრიზი, კავკასიის რეგიონიდან წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფოტოგრაფს გადაეცემა. წელს ამ ჯილდოს სომეხი ფოტოგრაფი, კარენ მირზოიანი მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპული კვირის ფარგლებში, გამოფენებთან ერთად, სხვა საინტერესო ღონისძიებებიც იმართება: ლექციები, კონფერენციები და დებატები მულტიკულტურალიზმის, რეგიონალური უსაფრთხოების, სამოქალაქო საზოგადოების და სხვა ბევრი საინტერესო თემის შესახებ. ევროპის კვირა გაიხსნება დებატებით „ევროპა დანახული მისი საზღვრებიდან”, რომლის პარტნიორებიც ჟურნალი ტაბულა და ევროკავშირია.




