რომში ლიბიის ოპოზიციის დაფინანსებას განიხილავენ

NATO-ს წევრი ქვეყნები, არაბული სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები დღეს რომში ლიბიელი ამბოხებულებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხს განიხილავენ. ლიბიის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ჯგუფი ასევე ისაუბრებს ლიბიის ლიდერზე, პოლკოვნიკ მუამარ კადაფიზე ზეწოლის მოხდენის გზებზე.  ”ჩვენთვის ამ დგომარეობიდან სასურველი გამოსავალი არის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტა და ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემა,” აღნიშნა კლინტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ლიბიელმა ამბოხებულებმა, რომელიც თებერვლიდან ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქ ბენგაზიში არიან გამაგრებული, საერთაშორისო საზოგადოებას შეატყობინეს, რომ ფინანსური სახსრები მალე გამოელევათ. ამბოხებულთა გარდამავალი ეროვნული საბჭოს სპიკერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურ ძალებს1.5 მილიარდი დოლარი დასჭირდებათ მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე.

ლიბიის საკონტაქტო ჯგუფის წარმომადგენლები ამბოხებულთა დახმარების ორ ვარიანტს განიხილავენ - ამბოხებულთათვის სესხის გამოყოფას, ან მათგან ნავთობის შესყიდვას.  ”დღეს ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ გავზარდოთ ზეწოლა კადაფიზე პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური გზებით,” განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა. 

კომენტარები