რუსული მედია რუსეთის ვმო-ში გაწვრიანების ახალ სქემებს აქვეყნებს

რუსულმა მედიამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების შესახებ მოსკოვსა და თბილისს შორის შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დეტალები გამოაქვეყნა. რუსული გაზეთები მასალას რუსეთის საგარო საქმეთა სამინიტროს  ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით  ავრცელებენ.

გაზეთ კომერსანტის ინფორმაციით, ციურიხში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა განიხილეს სქემა საქართველო-რუსეთის საზღვრის საბაჟო კონტროლის შესახებ. ამ სქემის მიხედვით, რუსეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საბაჟო სამსახურები ცალმხრივ რეჟიმში გამოაქვეყნებენ საზღვარზე ტვირთბრუნვის შესახებ მონაცემებს. რუსული მხარის მტკიცებით, ამ მონაცემებზე დაყრდნობით თბილისი შეძლებს საქართველო-რუსეთის საზღვრის ამ მონაკვეთებზე  არსებული ტვირთბრუნვის შესახებ ”სრული ინფორმაციის” მიღებას. გამოცემის ცნობით, რუსეთის დიპლომატიურ სამსახურში მიიჩნევენ, რომ ამგვარად შესაძლებელი იქნება საზღვრის საბაჟო კონტროლის შესახებ თბილისის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

რუსულმა გაზეთმა იზვესტიამ ასევე ანონიუმურ წყაროზე დაყრდნობით სრულიად სხვა სქემა გამოაქვეყნა. გაზეთის მტკიცებით, მოლაპარაკებებში მონაწილე ერთ-ერთმა რუსმა დიპლომატმა  განაცხადა, რომ მხარეები ციურიხში საზღვრის   თანამგზავრულ კონტროლზე შეთანხმდნენ. გამოცემის მტკიცებით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე დამონტაჟდება  ავტომატიზებული  კონტროლის სისტემა, რომელიც თანამგზავრს დაუკაშირდება, ხოლო თანამგზავრი გააკონტროლებს და ავტომატურად დაარეგისტრირებს ყველა  სახის ტვირთბრუნვას. რუსი დიპლომატის თქმით,  ეს მონაცემები ნებისმიერ დროს  თბილისისთვის ხელმისაწვდომი იქნება. „მთავარი პრობლემა, რასაც თბილისი აყენებდა  - საზღვრების საბაჟო კონტროლის  შესახებ,  მოგვარებულია,“ განუცხადა იზვესტიას ანონიმურმა წყარომ.   წყაროს მტკიცებით, თბილისს ”ეს იდეა მოეწონა.”

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების  დეტალების გახმაურებისგან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავს იკავებს.  საქართველოს პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის პრესსპიკერმა, ნიკო მჭედლიშვილმა   მოლაპარაკებათა მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ  განაცხადა, რომ საუბარი ”უშედეგოდ დასრულდა.” მისი თქმით, მხარეები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ორშაბათს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ  ციურიხის მოლაპარაკებების მთავარი პოზიტიური ასპექტი ”სადავო საკითხის  შინაარსობრივ განხილვაზე” გადასვლაა.  „დაიწყო ძალიან სერიოზული კონკრეტული წინადადებების განხილვა შინაარსობრივ საკითხებზე, პროცესი ფორმალურ საფეხურს გასცდა,” აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქართული მხარე რუსულ-ქართული მოლაპარაკებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცემისგან თავს  იმ მიზეზით იკავებს, რომ, მათი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებათა ამ ეტაპზე დეტალების გახმაურებისგან თავი შეიკავონ. 

კომენტარები