ქუვეითურმა გაზეთმა ბინ ლადენის ანდერძი გამოაქვეყნა

ქუვეითურმა გაზეთმა Al-Anbaa-მ მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტის უსამა ბინ ლადენის ანდერძი გამოაქვეყნა. ბინ ლადენი 2 მაისს, აშშ-ს სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს. ანდერძი 2001 წლის 14 დეკემბრით არის დათარიღებული. გაზეთს დოკუმენტის ნამდვილობის დამატკიცებელი საბუთები არ წარმოუდგენია და არც ის განუმარტავს, თუ რა გზით ჩაუვარდა ხელში ბინ ლადენის ანდერძი.

წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, ბინ ლადენი მოუწოდებს შვილებს ალ-ყაიდას რიგებში არ შევიდნენ, წერს ქუვეითური გაზეთი. ანდერძში ბინ ლადენი თავის ცოლებს  მისი გარდაცვალების შემდეგ გათხოვებას უკრძალავს. Al-Anbaa-ს ცნობით, ანდერძში ალ-ყაიდას ლიდერი წინასწარმეტყველებს, რომ მისი ახლო გარემოცვიდან ერთ-ერთი მოღალატე გასცემს და მოკლავენ.

ანდერძში ჩამოთვლილია ალ-ყაიდას მიერ გახორციელებული ტერაქტები. მათ შორისაა 1983 წელს ლიბანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა ამერიკელ სამხედროებზე, 1993 წელს სომალიში გაეროს 19 მშვიდობისმყოფელის მკვლელობა, 1998 წელს ნაირობიში აშშ-ს საელჩოს აფეთქება, ასევე 2001 წლის 11 სექტემბერის ტერორისტული თავდასხმა ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრზე. ქუვეითური გამოცემის ინფორმაციით, ანდერძში ბინ ლადენი  წუხს, რომ საკუთარ შვილებისთვის არასოდეს ჰქონდა დრო, ვინაიდან ”ჯიჰადით იყო დაკავებული.”

ანდერძი ოთხი გვერდისგან შედგება და ხელმოწერილია: ”თქვენი ძმა აბუ აბდულა უსამა მუჰამად ბინ ლადენი.” 

კომენტარები