პირველი ქალი რეპორტიორი საქართველოში – რა გახსენდებათ იმ პერიოდიდან?
რესპონდენტები, რომლებიც გაკვირვებულები მეკითხებოდნენ – კი მაგრამ, ფოტო ვინ უნდა გადაგვიღოსო?! ვერ წარმოედგინათ, ქალი ფოტოგრაფიც შეიძლება ყოფილიყო.
თქვენი ობიექტივის მთავარი გმირი – სოფელი. რატომ?
სოფელში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი ბედნიერებაც იქ დარჩა – ჩემს ბავშვობაში. ალბათ ამიტომ.
ქალი ფოტოგრაფი და კაცი ფოტოგრაფი – სტერეოტიპია თუ არსებობს რაიმე რეალური სხვაობა მათ შორის?
ვფიქრობ, რომ არსებობს, ფოტოშიც იგრძნობა ის განსხვავება, როგორადაც სამყაროს აღიქვამს ქალი და მამაკაცი.
თქვენი ყველაზე დიდი პროფესიული სურვილი თუ ამბიცია:
ჩემი სურვილები და ამბიციები იმდენად მცირეა, არც კი ღირს ლაპარაკი .
კადრი, რომელიც ამ ბოლო დროს ყველაზე ხშირად გახსენდებათ?
მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ, წარსულზე არ ვფიქრობ და ვცდილობ წავშალო მეხსიერებიდან, ჩემთვის ფოტოებიც საკმარისია.
რას ურჩევდით დამწყებ ფოტოგრაფებს?
გადაღებამდე იფიქრონ, რატომ იღებენ ამ ფოტოს.
რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
ბევრი არაფრისთვის მიმიღწევია და არც კი ვიცი, რა ვთქვა.
ფოტოგრაფია თქვენს გადასახადებს იხდის?
ფოტოგრაფია ერთადერთია, რაც ჩემს გადასახადებს (და არამარტო მათ) იხდის.
რა ენატრება ნათელას?
სულის სიმშვიდე.
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
კითხვებს ვუსვამ ჩემს თავს და პასუხსაც ვცემ, მაგრამ მირჩევნია ეს ჩემთან დარჩეს.




