არტეგა სპორტულ ელექტრომობილს გამოუშვებს

პატარა გერმანული საავტომობილო კომპანია არტეგა წარმოებისთვის ამზადებს სპორტულ ელექტრომობილს, რომლითაც კონკურენციას გაუწევს ამერიკული ტესლას ამავე ტიპის სერიულ მოდელს. არტეგამ ჟენევის ავტოშოუზე, თავისი ელექტრომობილის, არტეგა SE-ს წინასერიული ვერსია წარადგინა, რომლის სერიულ ვარიანტსაც ფრანკფურტის გამოფენაზე გვიჩვენებს, მის გაყიდვებს კი მომავალი წლის აპრილში დაიწყებს.

ავტომობილი ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 380 ცხენის ძალაა. მათ მოძრაობაში უკანა წამყვანი ბორბლები მოჰყავთ, ენერგიას კი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობენ. ავტომობილი 1400 კილოგრამს იწონის, აქედან 310 კილოგრამი აკუმულატორებია. წონა ღერძებს შორის 43:57 პროპორციითაა გადანაწილებული, რომელთაგან მეტი პორცია უკანა ნაწილზე მოდის. სხვათა შორის, ელექტრომობილი მხოლოდ ათი პროცენტით მძიმეა მისსავე შიდაწვისძრავიან ვერსიაზე, რომელიც ფოლკსვაგენის 3.6-ლიტრიანი V6 ძრავითაა (300 ცხენის ძალა) აღჭურვილი.

არტეგას ელექტრომობილი შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლებით გამოირჩევა. კერძოდ, ნულიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება მას 4.3 წამში შეუძლია, რაც დაახლოებით 0.5 წამით ნაკლებია ბენზინისძრავიანი არტეგა GT-ს ტემპერამენტზე. მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ს აღწევს. აკუმულატორების ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ერთი დამუხტვით, ეკონომიური რეჟიმით გადაადგილებისას, ელექტრომობილმა 300 კილომეტრის გავლა შეძლოს. თუმცა, კომპანია აცხადებს, რომ შერეული რეჟიმით მოძრაობისას, ერთი დამუხტვით მხოლოდ 200 კილომეტრის გავლა იქნება შესაძლებელი.

აკუმულატორების ბლოკის დამუხტვა შეიძლება როგორც სპეციალურ სადგურში, როგორების ქსელითაც მალე მთელი ევროპა დაიფარება, ასევე საყოფაცხოვრებო შტეფსელიდანაც. შტეფსელის გამოყენების შემთხვევაში, აკუმულატორების სრულად დამუხტვისთვის 90 წუთია საკმარისი.
არტეგა წლიურად მხოლოდ 500 ცალი სპორტული ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს, თითოეულის ღირებულება კი 150 ათასი ევრო იქნება. ამგვარად, ის კონკურენციას გაუწევს ამერიკულ კომპანია ტესლას ელექტრულ ღია სპორტქარს (როდსტერს), რომელიც უკვე წელიწადზე მეტია იყიდება.

შედარებისთვის, ტესლა როდსტერი ერთი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 288 ცხენის ძალას ავითარებს. მისი მეშვეობით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.7 წამში იღებს. ენერგია ლითიუმ-იონური კომპაქტური ელემენტებისგან შედგენილ ბლოკში ინახება, რომლის ტევადობაც საკმარისია იმისათვის, რომ როდსტერმა 390 კილომეტრი გაიაროს. სამაგიეროდ, მათი სრული დამუხტვისთვის 3.5 საათია საჭირო.

კომენტარები