ლონდონი პრინც უილიამის და კეიტ მიდლტონის ჯვრისწერის მოლოდინში

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/qorwilia.png##fbimage#
უელსის პრინცის უილიამის და მისი საცოლის, კეიტ მიდლტონის საქორწინო ცერემონიის დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე ლონდონის ქუჩებში ასობით ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი. განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ბუკინგემის სასახლესა და ვესტმინსტერის სააბატოსთან. სამეფო რეზიდენციასთან შეკრებილ ათასობით ადამიანთან მისასალმებლად  გუშინ ღამით პრინცი უილიამი გამოვიდა.
 
ვესტმინსტერის სააბატოში თავიანთ ადგილებს უკვე იკავებენ სამეფო ქორწილის სტუმრებიც. მათ შორის მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, შოუ ბიზნესის წარმომადგენლებიც არიან. სერ ელტონ ჯონი მეუღლესთან ერთად, ასევე ვიქტორია და დევიდ ბექჰემები უკვე მივიდნენ ვესტმინსტერის სააბატოში.

პრინც უილიამის საცოლეს ჯვრისწერის ცერემონიაზე მამა მიიყვანს. მოგვიანებით კი, თუ არ გაწვიმდა, კეიტი და უილიამი ღია კარეტით დატოვებენ სააბატოს.

ყველაზე დიდ ინტერესს პატარძლის კაბა იწვევს. ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება თუ როგორ გამოიყურება კეიტ მიდლტონის კაბა და თუ ვინ არის მისი დიზაინერი. უცხოური მედიის ცნობით, კეიტმა მეგობრებს უთხრა, რომ სურს მისი საპატარძლო კაბა სიურპრიზი იყოს პრინც უილიამისთვის. წინასწარი მონაცემებით, სამეფო ქორწილს ტელევიზიის საშუალებით 2 მილიარდი ადამიანი მიადევნებს თვალს.

კომენტარები