ბუსტროფედონი 41 გრადუსში

როდესაც ეკითხებით, არიან თუ არა ისინი ფუტურისტები, გიპასუხებენ – დიახ. კითხვაზეც, უარყოფენ თუ არა ფუტურიზმს, დადებითი პასუხი აქვთ: „ჩვენ უარვყოფთ ფუტურიზმს, დაე, ის გაქრეს”. აქ უკვე ეჭვი გიჩნდებათ, რომ საქმე შარლატანებთან გაქვთ და არა ფუტურისტებთან. თუმცა არც ამას უარყოფენ. უნიჭოები – ფიქრობთ თქვენთვის და ამბობთ, რომ მათთან ლაპარაკი წარმოუდგენელია. ერთ-ერთ მათგანს სახეზე შვება ეტყობა: „ჰო, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა”. ამის შემდეგ რომელიღაც „შარლატანი” რაღაც ფურცელს გაჩეჩებთ ხელში და ეს უცნაური, სახეზე ანარქისტული გამომეტყველების მქონე ხალხი სადღაც მიდის. ფურცელზე კითხულობთ:

„ექსტრაორდინალურათ.
ავანგარდისტები ტფილისში. ცნობა!
საქართველოში ჩვენ ვაწყობთ 1910-1920-იანი წლების ქართულ/ტფილისური ავანგარდის გამოფენას
„ბუსტროფედონი”
დარწმუნდით: იწამეთ: იხილეთ:
თბილისის გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში”
 
19 აპრილიდან, ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი საინტერესო ეპოქის, მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლების ავანგარდის გამოფენას, ბუსტროფედონს, მასპინძლობს. მუზეუმის დირექტორს, ლაშა ბაქრაძეს მიაჩნია, რომ თუ საქართველო ოდესმე იყო მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების ნაწილი, სწორედ ამ დროში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ეს პერიოდი უკეთ გაიცნოს.
  
ეს არ არის ტიპური გამოფენა – უფრო დოკუმენტაციაა ამ პერიოდის შესახებ. აქ იხილავთ მიშა ჭიაურელის, ელენე ახვლედიანის, ზიგა ვალიშევსკის, დავით კაკაბაძის, კირილე და ილია ზდანევიჩების, ირინა შტენბერგის, პეტრე ოცხელის და იმ დროში მოღვაწე სხვა ხელოვანი ადამიანების ნამუშევრებს. დაათვალიერებთ ზდანევიჩის სრულიად უნიკალურ სურათებს (რომლებიც აქამდე არც ჩვენში და არც საქართველოს ფარგლებს გარეთ არ წარუდგენიათ) ცნობილი ქართველი ბიბლიოფილის, დამიანე ალანიას პირადი კოლექციიდან. საინტერესოა, რომ ზდანევიჩის სურათები ზუსტად ისეა გამოფენილი, როგორც 1917 წელს იყო. 
 
თბილისური ავანგარდის გამოფენა არც ისე დიდი ხნის წინ ნიუ იორკში, კასი კაპლანის გალერეაშიც მოეწყო. მისი კურატორი ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანი გახლდათ. დღეს, აქაური გამოფენის მოსაწყობად, ლიტერატურის მუზეუმმა სწორედ ყიფიანი მოიწვია.
 
სურათების გარდა, გამოფენაზე იმ პერიოდის აფიშები, ფოტო და საარქივო დოკუმენტაცია, აუდიო და ვიდეოჩანაწერებია წარმოდგენილი. 28 აპრილს მუზეუმში ავანგარდული მხატვრული ფილმების ჩვენება დაიწყება, რასაც სამი საღამო დაეთმობა. აჩვენებენ მიხეილ კალატოზიშვილის, კოტე მიქაბერიძის, მიშა ჭიაურელის ფილმებს.
 
ბუსტროფედონი შენობის პირველ სართულზე მოეწყო. მუზეუმმა ეს ნაწილი ახლახან დაიბრუნა (აქამდე აქ გალერეა ჰობი იყო განთავსებული). სწორედ ამიტომ, მას „41 გრადუსი” დაერქვა – ზდანევიჩების მიერ თბილისში, 20-იან წლებში ჩამოყალიბებული პირველი ფუტურისტული ჯგუფის პატივსაცემად

კომენტარები