ჩერნობილის ტრაგედია რუსეთის პატრიარქმა “ადამიანურ ცოდვებს” მიაწერა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/kirili.png##fbimage#
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე 1986 წლის 26 აპრილს მომხდარი აფეთქება “ადამიანური ცოდვების” გამო მოხდა – ამის შესახებ განცხადება რუსეთის პატრიარქმა, კირილემ გააკეთა. “უფალს შეეძლო იმ ოპერატორის ხელი გაეჩერებინა, რომელმაც რეაქტორის მართვის დროს საშინელი შეცდომა ჩაიდინა,” აღნიშნა პატრიარქმა კიევ-პეჩორის ლავრაში ლიტურგიის დროს “უფალმა განიცადა. და ბევრმა ადამიანმა საკუთარი სიკვდილით შესაძლოა, წვლილი შეიტანა ცოდვების გამოსყიდვაში,” დასძინა მან. რუსეთის პატრიარქის აზრით, ჩერნობილის კატასტროფაში “უფლის ხელი ერია”, რადგან, მისი თქმით, აფეთქების შედეგების ლიკვიდაცია “ათასობით ადამიანისთვის ზნეობრივი გმირობის ტოლფასი გახდა.” პატრიარქ კირილის თქმით, სწორედ აქედან დაიწყო “სინამდვილის კრიტიკული გააზრება.”

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსი საერო თუ სასულიერო პირები ბუნებრივ ან ტექნოლოგიურ კატასტროფებს ადამიანთა ცოდვებს მიაწერენ. იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა და ცუნამი ცნობილმა რუსმა რეჟისორმა, ნიკიტა მიხალკოვმა სწორედ ადამიანურ ცოდვებს დააბრალა. ”იაპონიაში მომხდარი სტიქიური უბედურებები ღვთის სასჯელია და ამაში დამნაშავე თავად იაპონელები არიან” - ეს განცხადება ოსკაროსანმა რეჟისორმა მოსკოვის კინოს სახლში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ”იაპონელებს ღვთის რისხვა დაატყდათ არა იმიტომ, რომ რწმენა არ აქვთ”, არამედ იმიტომ, რომ ”მათ სულებში უღმერთობაა”.

რუსეთის პატრიარქის განცხადებები რუსმა ბლოგერებმა მკაცრად გააკრიტიკეს. “ჩემი აზრით, ასეთი განცხადებების გაკეთება იმ ადგილზე, სადაც ტრაგედია მოხდა და ადამიანები დაიღუპნენ, უბრალოდ ამორალურია. საკვირველია, რომ ჩვენი ოლიგარქები და მმართველები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას და ხალხს ანადგურებენ, რატომღაც არ აგებენ პასუხს საკუთარი ცოდვების გამო,” წერს რუსი ბლოგერი Junetiger.

 

კომენტარები