ფოლკსვაგენის ელექტრონული მიკროავტობუსი ბული

 ბული – ასე უწოდეს ფოლკსვაგენის მარკეტოლოგებმა ელექტრონულ მიკროავტობუსს, რომელმაც ყველას გერმანული კომპანიის ძველი და ახლაც ძალიან პოპულარული მიკროავტობუსი (მიკრობუსი) გაახსენა. ვოლფსბურგელები არ მალავენ, რომ თავიანთი ისტორიის კიდევ ერთი ლეგენდის გაცოცხლებას აპირებენ. მათ რამდენიმე თვის წინ ჩაატარეს გამოკითხვა, რომლის მიზანიც ახალი მიკრობუსის პერსპექტივის შესწავლა იყო. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ავტომობილს ბევრი სიამოვნებით შეიძენს.

და აი, ჟენევის ავტოშოუზე, ასეთი ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია, სახელად ბული გამოჩნდა. გარეგნულად ის ასევე კონცეპტუალურ Up!-ს ჰგავს, თუმცა მასზე დიდია და თანაც, ელექტრონული აგრეგატებითაა აღჭურვილი.

ბული ექვსადგილიანი მიკროვენია. მასში სავარძლების მხოლოდ ორი რიგია და ორივეზე სამ-სამი ადგილია. ავტომობილი კომპაქტური გაბარიტებით გამოირჩევა: მისი სიგრძე 3.99 მეტრი, სიგანე 1.75 მეტრი, სიმაღლე 1.70 მეტრი და ბორბლებს შორის ბაზა – 2.62 მეტრია. საბარგულის მოცულობა მხოლოდ 370 ლიტრია, თუმცა ის 1600 ლიტრამდე იზრდება, როცა უკანა სავარძლები იკეცება. მეტიც, სალონის იმგვარად ტრანსფორმირებაც შეიძლება, რომ მასში ორი კომფორტული ლოგინი გაიშალოს. ამგვარად, ბული საავტომობილო ტურიზმის მოყვარულებისთვის ნამდვილი მისწრებაა.
დიდი ალბათობით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ბულის სერიული ვერსია შიდაწვის ძრავით და ჩვეულებრივი ტრანსმისიით აღიჭურვება. თუმცა, მისი კონცეპტუალური ვარიანტი სუფთა ელექტრომობილია. ის პატარა ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 85 კილოვატ სიმძლავრეს და 270 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს იძლევა. ამასთან, მომენტის მაქსიმუმი, აჩქარების პედალზე ფეხის დაჭერისთანავე მიიღწევა. ელექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 40 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ერთი დამუხტვით დაახლოებით 300 კილომეტრი გაიაროს.
 
ფოლკსვაგენი ირწმუნება, რომ ამ აკუმულატორების სრული დამუხტვა, სპეციალურ სადგურში ერთ საათშია შესაძლებელი. გარდა ამისა, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 11.5 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 140 კმ/სთ-ია. 
 

კომენტარები