კიბოსა და შიდსს შორის

პერუში, 10 აპრილს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, 50%-ზე მეტის დაგროვება ვერც ერთმა კანდიდატმა  ვერ მოახერხა. არჩევნების მეორე ტური 5 ივნისს გაიმართება. ერთმანეთს ოლანტა უმალა (27,4%), აწ დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილი კეიკო ფუხიმორი (20.8%) და პედრო პაბლო კუცზინსკი (18.1%)  შეეჯიბრებიან. პერუში ოლანტა უმალა ყველაზე მემარცხენე, ხოლო კეიკო ფუხიმორი ყველაზე მემარჯვენე პოლიტიკოსია. ნობელის პრემიის ლაურეატი, მარიო ვარგას ლიოსა აცხადებს, რომ პერუელებს კიბოსა და შიდსს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება.

ოლანტა უმალა ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის გაზრდას აპირებს. ის არ გამორიცხავს პერუს 1979 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას, რომელიც სახელმწიფოს ბუნებრივი რესურსების თანამფლობელს გახდის. პოლიტიკოსის გეგმა სამთო სამრეწველო კომპანიებისთვის გადასახადების გაზრდას და შიდა ბაზარზე გაზის ხელოვნურად დაბალი ფასის დაწესებასაც გულისხმობს. ის აპირებს, სიმდიდრე „თანაბრად, ეროვნული საბაზრო ეკონომიკის ფარგლებში” გადაანაწილოს, შესაბამისად, ღარიბ მოსახლეობაში დიდი  მხარდაჭერით სარგებლობს. 
 
კრიტიკოსები უმალას გეგმებს ჩავესის მიერ გატარებულ ნაციონალიზაციის პოლიტიკას ადარებენ. უმალა 2006 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა მეორე ტურში პრეზიდენტ ალან გარსიასთან დამარცხდა. მაშინდელი წარუმატებლობა სწორედ უგო ჩავესთან სიახლოვეს დაბრალდა. 
 
ახლანდელ არჩევნებში უმალა ვენესუელის ლიდერსა თუ სხვა რადიკალ მემარცხენეებს ემიჯნება და საკუთარი თავის ზომიერ პოლიტიკოსად წარმოჩენას ცდილობს. ის თავისი რეფორმების გეგმას ბრაზილიის ექსპრეზიდენტ ლულას პოლიტიკას ადარებს. ამ უკანასკნელის მოდელი საბაზრო ეკონომიკისა და სოციალური პროგრამების ეფექტიან კომბინირებას გულისხმობს.  
 
მეორე კანდიდატი, კეიკო ფუხიმორი ექსპრეზიდენტ ალბერტო ფუხიმორის ქალიშვილი, პარტია Fuerza-სა (ლათინურად – ძალა) და 2006 წლიდან კონგრესის წევრია. 
 
ალბერტო ფუხიმორიმ პრეზიდენტობისას (1990-2000 წლებში) ორი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება შეძლო: მან გაანადგურა რადიკალი მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაციები Sendero Luminoso (გასხივოსნებული ბილიკი) და MRTA (Movimiento Revolucionario Tupac Amaru) და ამით ქვეყანა შედარებით სტაბილური გახადა. ამ ტერორისტული ორგანიზაციების მოქმედებებს 20 წელიწადში 70 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 
 
ფოტო: REUTERS ©
კეიკო ფუხიმორი
ფუხიმორის მეორე მნიშვნელოვანი მიღწევა ეკონომიკის ლიბერალიზაცია და რეფორმების წყალობით ჰიპერინფლაციის შეჩერება იყო. ლიბერალური რეფორმებით მან წინამორბედის, ალან გარსიას მემარცხენე პოლიტიკის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური კრიზისი დაძლია. ამასთან, ფუხიმორიმ წარმატებული სოციალური პროგრამების გატარება შეძლო. 
 
თუმცა წარმატებას, ქვეყანაში კორუფცია და ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევა ახლდა თან. ალბერტო ფუხიმარი ამჟამად სწორედ ამ დანაშაულებებში მონაწილეობისთვის იხდის სასჯელს. ქალიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მას სავარაუდოდ ამნისტია შეეხება. 
კეიკო ფუხიმორის წინასაარჩევნო პოლიტიკა დემოკრატიულ რეფორმებს, კანონის უზენაესობასა და ლიბერალური ეკონომიკური კურსის შენარჩუნებას გულისხმობს. 
 
მესამე ადგილას გასული პედრო პაბლო კუცზინსკი მსოფლიო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოფილი თანამშრომელია. ის ბიზნესწრეების მხარდაჭერით სარგებლობს. კუცზინსკი პირველი ადგილობრივი წარმომავლობის (ინდიელი) პრეზიდენტის, ალეხანდრო ტოლედოს პრემიერი და ფინანსთა მინისტრი იყო. თავად ტოლედო ამ არჩევნებშიც მონაწილეობდა. თუმცა მისი ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შესახებ გავრცელებული ხმების გამო, მისი რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა და არჩევნებში მეოთხე ადგილზე გავიდა.
 
ზოგიერთი გამოკითხვით, პერუელების 52% დიქტატორული მმართველობის მომხრეა. ფუხიმორისა და უმალას პოპულარობას სწორედ ამას უკავშირებენ. ორივე მათგანი ავტორიტარულ რეჟიმთან ასოცირდება. ხალხი უკმაყოფილოა ქვეყანაში არსებული კორუფციისა და დანაშაულის დონით. პერუს მოსახლეობის მესამედი ისევ სიღარიბეში ცხოვრობს, ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს. 
 
სოციალური პრობლემების მიუხედავად, პერუმ მსოფლიო რეცესიის ფონზე წლიური 7%-იანი ზრდა აჩვენა. სიღარიბის ზღვარი 2004-2009 წლებში 49%-დან 35%-მდე დაეცა. მსოფლიო ბანკის მარტის მოხსენებაში ქვეყნის წარმატება სწორი პოლიტიკითა და იღბლიანობით იყო ახსნილი. 
პერუს ეკონომიკის ზრდაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მსოფლიოში წიაღისეულზე ფასის აწევა იყო, რამაც შემოსავლების ზრდა გამოიწვია. ქვეყანა ვერცხლის, სპილენძის, თუთიის და ოქროს ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია.
 
მეორე ფაქტორი პერუს ახლანდელი პრეზიდენტის ალან გარსიას მიერ მისი წინამორბედების –  ფუხიმორისა და ტოლედოს ლიბერალური კურსის გაგრძელება იყო. გარსია ხელისუფლებაში პირველად 1985 წელს მოვიდა და მაშინ პოპულისტურ, რადიკალურ მემარცხენე პოლიტიკას ატარებდა. თუმცა მეორედ არჩევის შემდეგ მისი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. 

კომენტარები